“სტუმრებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შევთავაზებთ”- როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონის გახსნისთვის კახეთის სასტუმროები 

1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტულ სეზონს გახსნის.COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, მთავრობა ტურიზმის სექტორში მყოფ კომპანიებს არაერთ შეღავათს სთავაზობს, რაც მათი თქმით, ხელს შეუწყობს როგორც სასტუმროების მუშაობას, ასევე, უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების დასაქმებას. მეტი უსაფრთხოებისთვის ტურისტული სეზონი რეგიონებიდან დაიწყება.

კახეთი ერთ-ერთი იმ კუთხეთაგანია, რომელიც სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა. “რეგიონული კვირა” დაინტერესდა, არის თუ არა რეგიონი ტურისტების მისაღებად მზად და რა მოლოდინები აქვთ სასტუმროების დამფუძნებლებს სეზონის გახსნის შემდეგ.

ანა გიორგელაშვილი თელავში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მენეჯერია. ის ტურისტული სეზონის გახსნას დიდი მოთმინებით ელის. ქვეყანაში უჩინარი მტრის გამოჩენამ და უძრაობის პერიოდმა მის ბიზნესსაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა დროსაც მთავრობის დახმარება დროული აღმოჩნდა. ანას სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში , საბანკო სესხის ხარჯი 80 % -ით – 6 თვის განმავლობაში დაუფინანსდა და ასევე , ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბანკის სესხი 3 თვით გადაუვადდა.

მისი განმარტებით, მიუხედავად კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეებისა, ტურისტული სეზონის გახსნისთვის მზადაა და ძირითად იმედს შიდა ტურიზმზე ამყარებს.

“ჩავერთეთ “აწარმოე საქართველოს“ პროექტში , რომელიც ითვალისწინებს საბანკო სესხის ხარჯის 80%- ით დაფინანსებას, 6 თვის განმავლობაში. ასევე, 3 თვით გადაგვივადდა ბანკში სესხის გადახდა.შეღავათი გაგვეწია რა თქმა უნდა , რადგან შემოსავლების ნახევარზე მეტი მიგვდის სესხში ყოველთვიურად და ეს თანხა დაგვეზოგა. ვემზადებით და ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ველოდებით პროტოკოლს, როგორ დავაკმაყოფილოთ სტანდარტები, რომ სტუმრებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. დიდი მოლოდინი რა თქმა უნდა არ გვაქვს, რადგან ვფიქრობ, იმის ნახევარი ტურისტიც არ გვეყოლება, რაც წინა წლებში გყვავდა, – განმარტა ანა გიორგელაშვილმა.

ტურისტული ნაკადის განახევრებას ვარაუდობენ, იმ სასტუმროების დამფუძნებლებიც, რომლებიც ამ ეტაპზე, საკარანტინე სივრცეებად გამოიყენება. მათი განცხადებით, განვლილმა პერიოდმა კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება შესძინათ , რაც ტურისტული სეზონის გახსნისთვის გარკვეულწილად დაეხმარებათ.

“განვლილი თვეების განმავლობაში, ჩვენი სასტუმრო იყო საკარანტინე სივრცედ გამოყენებული,შესაბამისად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც გამოგვადგება მომავალში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ის უსაფრთხო გარემო, რაც რეალურად არის გამოწვევა ჩვენთვის, ტურიზმის სფეროში, მაგიტომ ეს დიდი გამოცდილება შემდგომში მეტად დაიხვეწება და ჩვენს სტუმრებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შევთავაზებთ”, – განაცხადა სასტუმრო “პარკ ჰოტელის” მენეჯერმა, ილია საგანელიძემ.

“ისეთი ნაკადი არ იქნება რაც წინა წლებში იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 40- 50 %-ი რომ შემოვიდეს, ძალიან კარგი მაჩვენებელია და უნდა გაგვიხარდეს, რადგან ამით კადრების შენარჩუნებას შევძლებთ”, – აღნიშნა სასტუმრო „ ძველი თელავის“ დამფუძნებელმა, შოთა დემინაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ კახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ საქართველოს რისკების მართვა შეუძლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები