მგზავრების ჯვარედინად დასხდომა, სპეცსტიკერები და “სანიტაიზერები” ავტობუსში – გელა კვაშილავა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ ამუშავებაზე საუბრობს

როგორ უნდა ავამოქმედოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე, რომ ამან კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს, – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგი „კვირა“ ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარეს, გელა კვაშილავას ესაუბრა.

როგორც კვაშილავა აცხადებს, სოციალური დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ტრანსპორტში სკამებზე სტიკერები უნდა გაიკრას, რომელიც მგზავრებს იმაზე მიანიშნებს, სად შეიძლება დაჯდომა და სად – არა.

„ორი დღის წინ ევროკავშირმაც გამოსცა გაიდლაინები იმას შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპროტმა. მთავარია, რომ სოციალური დისტანციის მაქსიმალრუად დაცვა მოხდეს. დღეს თუ ყველა მხრიდან იღება კარი ავტობუსში, ასე არ უნდა იყოს, სანამ რისკები არსებობს. მგზავრების წინა კარიდან აშვება უნდა მოხდეს, სკამებზე სტიკერები უნდა იყოს გაკრული, რომელიც მიანიშნებს, სად შეიძლება დაჯდომა და სად – არა. ვინც ტრანსპორტში ფეხზე დადგება, მათთვისაც უნდა იყოს სტიკერები, სად შეეძლებათ დადგომა და სად – არა. მნიშვენლოვანია, რომ ჯვარედინად დასხდნენ მგზავრები. მძღოლს დამხმარე უნდა ჰყავდეს, რომელიც მგზავრების რაოდენობის გაკონტროლებაში დაეხმარება. მგზავრები უკანა კარიდან უნდა ჩავიდნენ. ასე თუ არ მოხდა და ყველა კარი გაიღება, ავტობუსი გადაივსება, რაც პრობლემა იქნება. სამარშრუტო ტაქსებში უფრო მარტივია, იქ ერთი შესასვლელია. იქაც მგზავრები გვერდიგვერდ არ უნდა დასხდნენ.

სასურველია ავტობუსში ხელის ერთი სანიტაიზერი, პირბადე აუცილებლად ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს.
გაჩერებებზე დასადგომად ადამიანებს მეტი სივრცე უნდა ჰქონდეთ. იქაც ერთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ამას გააკონტროლებს. ეს ძირითადი წესებია“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ხაზზე მოძრავ ავტობუსებს შორის ინტერვალი უნდა შემცირდეს.

„სადაც მოსალოდნელია მგზავრთა დიდი რაოდენობა, იქ უნდა მოხდეს ავტობუსების კონცენტრირება, ავტობუსების დამატებაც მოუწევთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. მოსახლეობის 70 %-ს ავტომობილი არ ჰყავს“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად ველოსიპედი გამოიყენონ, რისთვისაც დროებითი ველოხაზები უნდა გაკეთდეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები