ბათუმის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა
ქვეყანაში ვირუსული ეპიდემიის გამო შექმნილი 2-თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეებს მისი მონახულების შესაძლებლობა 16 მაისიდან მიეცათ. ბოტანიკური ბაღი ყოველდღიურად, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი 2019 წლიდან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარდგინებით, „ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაშია“ გაწევრიანებული.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების შემდგომ მოხერხდა ბოტანიკური ბაღის გახსნა.
ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე, 108.7 ჰა ფართობზეა გაშენებული. ,ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაში გაწევრიანება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ტურისტების რიცხვის მნიშვნელოვანი გაზრდის წინაპირობას ქმნის.
ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაში ამ ეტაპზე საქართველო ესპანეთთან, იტალიასთან, პორტუგალიასა და გერმანიასთან ერთადაა გაწევრიანებული.