„პირველი ნაკეთობა პატრიარქისთვის საჩუქრად გადასაცემი კვერთხი იყო“ – ახალგაზრდა ოსტატი ლენტეხიდან

ანდრო მუკბანიანი 4 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პეტერბურგიდან მშობლიურ მხარეში – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ტვიბში დაბრუნდა. მამა, ვახტანგ მუკბანიანი მხატვარი და ოქრომჭედლობის ოსტატია, პატარაობიდანვე მამის საქმიანობას თვალს ადევნებდა და ჯერ კიდევ მეექვსე კლასში, ჯვრებსა და ბეჭდებს ოსტატურად, ამზადებდა და ხეზე კვეთას ეუფლებოდა.
„სკოლა ახალი დასრულებული მქონდა, როცა ლენტეხში პატრიარქი ამოვიდა. ფიქრი დავიწყე, რა მეჩუქებინა, გადავწყვიტე ეს ნივთი კვერთხი ყოფილიყო და სამზადისს შევუდექი, მუზეუმიდან მოვიძიე ფოტოები, სვანური მედიატორული ჯოხის ნიმუშები, დრო მხოლოდ ერთი კვირა მქონდა“,- ყვება „რეგიონულ კვირასთან“ ანდრო მუკბანიანი.

კვერთხი, რომელიც პატრიარქისთვის საჩუქრად დაამზადა, მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო და  ღელავდა უწმინდესს მისი საჩუქარი მოეწონებოდა თუ არა. ლენტეხში მყოფ პატრიარქს ანდროს საჩუქარი გადასცეს.
„ჩემი ნაჩუქარი კვერთხი ახლაც საპატრიარქოში საჩუქრებთან ერთად ინახება. ამ ფაქტის მერე გავიგე, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კვერთხის გამკეთებელს დაეძებდა. მითხრეს, რომ კვერთხი მოეწონათ და ეპარქიის წინამძღოლს შევხვდი“,- იხსენებს ახალგაზრდა ოსტატი.

მეუფემ ანდროს პროფესიონალიზმი მოუწონა და კურთხევა მისცა ლენტეხის სემინარიაში ხეზე მუშაობა სხვებისთვისაც ესწავლებინა. ანდრომ სემინარიაში პედაგოგად 2 წელი იმუშავა და მიხვდა, რომ პროფესიონალლიზმის ასამაღლებლად სწავლის გაგრძელება სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, 24 წლის ასაკში სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.
„სკოლის დამთავრებიდან 7 წლის თავზე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გავხდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ საეკლესიო მიმართულება უნდა ამერჩია“, ამბობს ანდრო.

მეორე კურსის სტუდენტმა ლენტეხში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კანკელი გააკეთა, თუმც საეკლესიო საქმის გარდა ინსტუტუტში კიდევ ერთ საინტერესო პროექტში ჩაერთო-თბილისში ე.წ. „კონაქტური ზოოპარკის“ ხის ვოილერები დაამზადა და საკუთარი ხელით დაამონტაჟა, უხარია, რომ პროექტმა გაამართლდა- იგი დღესაც ფუნქციონირებს ანდროსეული ვოილერებით-„მითხრეს, რომ უცხო ქვეყნიდან ინვესტორი ჩამოვიდა, ვოილერების დამამზადებელს ეძებსო,თანაკურსელებმა მითხრეს -შენ გეხერხება და იქნებ გეცადაო, წავედი, ჩემი დამზადებული რამდენიმე ხის ნაკეთობა ინვესტორს ვაჩვენე, ისე მოეწონა, მითხრა-ასეთი ლამაზიც კი არ მჭირდებაო“.
3 წელია აკადემიაში სწავლა დაასრულა და დასრულებისთანავე ქვემო სვანეთს დაუბრუნდა, არც არასდროს უფიქრია სხვაგან ცხოვრება.
„აქ უფრო საჭირო ვარ, ჩემს მხარეს სჭირდება აღორძინება“- აღნიშნავს იგი.

სოფელში დაბრუნებულმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ოჯახის წევრებთან ერთად ფიზიკურად დღედა ღამე იმუშავა და საგვარეულო კოშკი აღადგინა, წვალობდა, სახელოსნო მთლად გამართული არ ჰქონდა და სარდაფში უწევდა მასალის დამზადება, სტრატეგული კვლევებისა და განვითარების ფონდმა ახალგაზრდა ბიჭის საქმიანობა მოიწონა და 10.000 ლარით დააფინანსა, შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში-„აწარმოე საქართველოში“ სცადა ბედი, პროექტი დაწერა და სახელოსნოს დანადგარების შესაძენად 5.000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. ახლა, უკვე კეთილმოწყობილ სახელოსნოში, სოფელ ლაშხეთის ტაძრის კანკელი უკვე დამზადებული აქვს.
ოსტატი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. სვანურ მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ამზადებს, როგორც თვითონ ამბობს, ინსტრუმენტებზე მოთხოვნა დიდია.

ანდრო მუკბანიანს ფინანსურ მოგებაზე არასდროს უფიქრია, სვანეთში ყველა ერთმანეთის ნაცნობი და ნათესავია, ამიტომ ცდილობს, სარგებელი ნამუსიანად მიიღოს, გული არავის დაწყვიტოს. უყვარს მშობლიური მხარე და ერთადერთი რისი გაკეთებაც ქალაქში ძალიან უნდა საკუთარი გამოფენის მოწყობაა.

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები