„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ადვილი არაა, მაღალი რისკის ერთ-ერთი ზონაა, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს“ – ლალიაშვილი უსაფრთხოების წესების შესახებ საუბრობს

მგზავრებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება, დისტანციის დაცვა, ჩაწეული შუშები ტრანსპორტში, შიდა ვენტილაციის ნაკლებად გამოყენება, ბარათით გადახდა, – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ეს წესები უნდა იყოს დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ინფიცირების რისკები შემცირდეს.

როგორ უნდა ავამოქმედოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ამ საკითხთან დაკავშირებით ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ისაუბრა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე, მინიმუმ ვადებსა და იმ წესებზე, რომელთა დაცვაც მძღოლებსა და მგზავრებს მოუწევთ, ხელისუფლებამ საუბარი უნდა დაიწყოს. სხვადასხვა დაწესებულებისთვის გარკვეული წესებია ჩამოყალიბებული, სწორედ ასეთ პროტოკოლს ველოდებით. ათას  ან 2 ათას ადამიანს არ ეკუთვნის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვადასხვა ტიპის  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მილიონი მგზავრობაა ყოველდღიურად.

კარგად გვესმის, რომ არ ამ ვითარებაში ტრანსპორტის ამუშავება ადვილი არაა, ეს  მაღალი რისკის ერთ-ერთი ზონაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მოგვიწევს. ამიტომ, უმჯობესია, დავიწყოთ ფიქრი და საუბარი ამაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენ მგზავრს ვეღარ გადაიყვანს,  ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე  შეზღუდული რაოდენობით გადაიყვანს ადამიანებს.
უნდა ვთქვათ ის წესები, რაც უსაფრთხოებისთვისაა საჭირო: რომ პირბადის გამოყენება აუცილებელი იყოს, შუშები ჩაწეული და შიდა ვენტილაცია ნაკლებად გამოყენებული, რადგან ესეც ვირუსის ჰაერში ცირკულაციის წყაროა. უნდა იყოს ბარათით გადახდა და არა – ქეშით. ასევე, მნიშვნელოვანია ტრანსპორტში დისტანციის დაცვა და გაკონტროლება. სადეზინფექციო სითხეები ყველა მგზავრისთვის რომელიც ამოვა,  არ ვიცი, ეს რამდენად ადმინისტრირებადია, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში შეიძლება, ასეთი რაღაცები გაკეთდეს. ცალკე პირი უნდა იყოს ავტობუსში, ვინც ამ წესებს დააცვევინებს მგზავრებს.

ტრანსპორტის ამუშავება საჭიროა, უკვე იხსნება სხვადასხვა ობიექტი.  საზოგადოებისთვის ამ წესების შეხსნება მუდმივად საჭიროა იმისთვის, რომ აგრესია არ გამოიწვიოს. დღეს, გარკეულწილად, აგრესია არის  იმიტომ, რომ ინფორმაცია არ არსებობს, როდის იქნება ტრანსპორტი.

თუ შევძელით და დიდი ნაწილი ბოლო 2 თვის განმავლობაში სახლიდან არ გამოვედით, კარგად ვმართეთ კოვიდი, თუ ინფორმაცია გვექნება მოქალაქეებს, ამაშიც სოლიდარულები ვიქნებით, ავყვებით იმ თამაშის წესებს, რაც უსაფრთხოებას სჭირდება“, –  განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ავტობუსებზე დიდი მოთხოვნა იქნება და შესაძლოა, ხაზებზე დამატებაც გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები