„ყუნწიანი მარწყვი ტორტზე შესაძლოა, სერიოზული დაავადების გამომწვევი იყოს“- ინფექციონისტის გაფრთხილება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს იმ საშიშროებაზე აფრთხილებს, რაც შეიძლება, ტორტით მარწყვის მორთვას მოჰყვეს.

როგორც ბუწაშვილი ამბობს, შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს.

„წლებია, მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობისა, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე.
ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე, ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები).

არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა “მოწამლა”. ასევე, ხშირია კრემიანი ნამცხვრებით “მოწამვლის” შემთხვევებიც.
მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ, ფაქტობრივად, ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია“, – აცხადებს ინფექციონისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები