“თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის დისტანციური სწავლების მეთოდები გამოიყენება – დღეს დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი”
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აქტიურად განაგრძობენ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, დღეს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი, რომლის სპიკერები იყვნენ როგორც ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტის ექსპერტები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
“კურსში მონაწილეობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა, ტონ ვან ლუნმა, რომელიც 2006-2007 წლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიის სამხრეთის რეგიონულ სარდლობას ხელმძღვანლობდა. გენერალმა განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების ტენდენციები და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში ნატო-ს როლი.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საერთო სასწავლო ციკლში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირებას ეფექტიანად ახორციელებს. ამ პროცესში სკოლას მხარს უჭერს ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფი, ასევე, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის ჩართულობით და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დისტანციურად ჩატარდეს ვიდეოლექციები, ონლაინკურსები და მასტერკლასები შემდეგ საკითხებზე: საბაზისო კიბერუსაფრთხოება, სტრესის მიმართ მედეგობა, თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება – რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირი – როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების აქტორი, პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია. აქტივობებში ტრენერებად როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.