“დიდი ალბათობით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში “ქართული ოცნება” მარტო დარჩება”

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება შეაფასა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ექსპერიმენტის სახით პარლამენტის წევრებს შორის რიგგარეშე სესიაზე სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდეს, რაც ქვეყნის ზოგად პოპულაციაში, რეპრეზენტატულ ჯგუფში დაავადების გავრცელების დონეს განსაზღვრავს.
“მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს ვემსახურებოდი ჩემი პროფესიული გზის უდიდესი ნაწილი, ეს გადაწყვეტილება, პირველი შეხედვით, რეალურად აჩენს სერიოზულ კითხვებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია COVID-19 ეპიდსიტუაციის მართვის დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა ეს ტენდენციები. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები რეალურად აძლევს მანიპულირების საშუალებას ხელისუფლებას არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოშიც. ამრიგად, ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან რეგულარული დიალოგის შესაძლებლობა საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმართა ეპიდსიტუაცია – მხოლოდ მისასალმებელია ის შედეგები, რაც გვაქვს, მაგრამ ამასთანავე ჩვენ არც ერთხელ ჩაგვიტარებია სეროპრევალენტობის კვლევა ზოგად პოპულაციაში – ანტისხეულების დადგენის ტესტი, რომელიც რეალურად მოგვცემდა საშუალებას შეგვეფასებინა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია ექსპერიმენტიც ჩავატაროთ პარლამენტის წევრებს შორის, რიგგარეშე სესიაზე მოხდეს სწრაფი ტესტებით ანტისხეულების განსაზღვრა და ჩვენ შევძლებთ, რეალურად დავადგინოთ ზოგად პოპულაციაში რეპრეზენტატულ ჯგუფში, ქვეყანაში დაავადების გავრცელების დონე. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს უკვე გადატანილი და, მითუმეტეს, სამეცნიერო მტკიცებულებები დღეისთვის მიუთითებს, რომ სოციალური იზოლაციის შემთხვევაში შედარებით დაბალი სეროპრევანლენტობის დონე იძლევა ეფექტურად მართვის შესაძლებლობებს. რატომ ვიკავებთ თავს მსგავსი კვლევების ჩატარებისაგან? ეს არის კითხვა. ვიდრე არ მოხდება დეტალური დისკუსია, კონსულტაცია, როგორც ჯანდაცვის უწყებასთან, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოგცემთ დასტურს ამ კანონპროექტზე. დიდი ალბათობით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში “ქართული ოცნება” დარჩება სამწუხაროდ მარტო, რადგან არ არის საკმარისი არგუმენტაცია და თუკი ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს მომდევნო თვეების მანძილზე, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, რადგან არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, რომ თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის იზოლაცია მოახდინოს და დაკეტოს, თუნდაც თეორიულად”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები