თორნიკე რიჟვაძე: არცერთი საინვესტიციო წინადადება თაროზე არ უნდა შემოიდოს ​

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში ხელმძღვანელ პირებთან, საქვეუწყებო დაწესებულებისა და დეპარტამენტის უფროსებთან შეხვდა გამართა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტკრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმებზე, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობაზე.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის მიერ დარგობრივად ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების შესახებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან სამინისტროებს დავალებები მიეცათ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს დიდი დატვირთვა ჰქონდა პანდემიის პერიოდში, რასაც წარმატებით გაერთვა თავი. მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე საჭიროა ინფექციის კონტროლი და შედეგების შენარჩუნება.

ჯანდაცვის სამინისტროს, მოახლოებულ ტურიზმის სეზონთან დაკავშირებით, ზაფხულის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, ​ ეპიდემიოლოგების მაქსიმალური ჩართვა დაევალა. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. დასაქმების სააგენტოს კი დაევალა მოსახლეობის ინფორმირება კომპენსაციის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება უზრუნველყოს ბიზნესთნ კომუნიკაციის გაუმჯობესება, საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა და რეაგირება, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. სამინისტრო უზრუნველყოფს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა შეაჯამა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, რომელთა შესრულება და დაცვა სავალდებულო იქნება „მწვანე ზონებად“ განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრისას, ასევე, განხილული იქნა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში სამინისტროს ჩართულობა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აგროსერვის ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებასა და ექსტენციის განხორციელებას.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტურიზმის დეპარტამენტსა და განათლების სამინისტროს დაევალა მუზეუმების, ტურისტული ობიექტების დროული ადაპტირება, სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლება.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროს თითოეულ თანამშრომელს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, პედაგოგებსა და პროფესორ მასწავლებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არსებული კრიზისის დაძლევაში. აღსანიშნავია ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ახალგაზრდების წვლილი, რომელთა მოხალისეობრივმა აქტივობამ ევროპის რეგიონთა ასამბლეისა და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნების აღიარება მოიპოვეს ევროპაში“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები