ლევან მამალაძე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანლის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით ონლაინპეტიცია შეიქმნა. პეტიციას ამ დროისთვის 192 ადამიანი აწერს ხელს.
პეტიციას თან ერთვის ლევან მამალაძის წერილი, რომლითაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
გთავაზობთ ლევან მამალაძის წერილს.

„17 წელია, რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და “შავი პიარისა” და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა. როგორც კი ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ჩემ მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე.
ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემი სიმართლე ვამტკიცო, ყველა მასალა თქვენდამი გამოგზავნილ წერილსა (შემავალი ნომერი კანც. #:1/1103 26.01.2020 წ) და თანდართულ დოკუმენტებშია თავმოყრილი. ერთს კი ვიტყვი, რომ გავრცელებული ჭორები „ზოდები და ნიანგები“ ჩემს საქმეში არ არსებობს, ეს მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყო მოგნილი. 2012 წლიდან ყველა ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არცერთ უწყებაში არ განხილულა, გაურკვეველი პოლიტიკური სარჩულის მიზეზით. ასეთივე მიდგომა აქვს სასამართლოსაც.
საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის 52 მუხლის თანახმად, განსაზღვრული აქვს უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული – განურჩევლად ჩადენილი დანაშაულისა და იმისა, ციხეში იხდის სასჯელს თუ არა. ჩემი საქმე კლასიკური მაგალითია პოლიტიკური დევნისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სამართლიანობის აღდგენა. ან რა არის იმაზე მძიმე სასჯელი, რომ 17 წელია, პოლიტიკურ დევნაში ვიმყოფები.
დედაჩემი 80 წლის არის და სანატრელი გაუხდა ჩემი და ჩემი ოჯახის დაბრუნება საქართველოში. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა გავაკეთო ან რა პირობა დავდო იმისთვის, რომ ამ გაჭირვების დროს დედის გვერდში ვიყო.
მე კარგად მესმის ის , რომ ზოგი გავრცელებული ჭორების ზეგავლენის ქვეშ არის დღემდე და თქვენ რომ არ აიღოთ პასუხისმგებლობა ჩემს საქმესთან დაკავშირებით ან სალაპარაკო არ მიეცეს სააკაშვილის პოლიტიკურ ძალებს, პირად პასუხისმგებლობას ვიღებ, ღია სასამართლო პროცესი გავმართო საქართველოში დაბრუნებისას.
თქვენ პირადად იცით ემიგრაციაში ყოფნის სირთულე და კარგად გამიგებთ, თუ რას ნიშნავს უსამართლო დევნა და სამშობლოდან დაუსრულებელი განშორება!
უმორჩილესად გთხოვთ, შემიწყალოთ! მომეცით საშუალება, დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვემსახურო სამშობლოს“, – წერს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები