როგორ გამოექცა ტყვედ ჩავარდნილი ახალციხელი მებრძოლი გერმანელებს – 98 წლის ვეტერანის ისტორია

დავით გოჩაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანია, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 98 წლის მოხუცი, ერთადერთ და მისთვის საამაყო კოსტიუმს, კარადიდან სიამაყით იღებს და ტანზე ზუსტად ისე ირგებს, როგორც ეს 1942 წელს გააკეთა, ამის შემდეგ კი “რეგიონულ კვირას” შორეული წარსულის შესახებ უყვება. 
„სკოლის დამთავრებისთანავე გამიწვიეს ჯარში. 17 წლის ვიყავი. მახსოვს, დედამ და მამამ გამაცილა. მე მეხუთე შვილი ვიყავი მათთვის, ვინც ომში წავიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი ძმა დავკარგე, ერთი ავსტრიაში, მეორე კი უკრაინაში. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ბრძოლის დროს დამჭრეს კიდეც, სამკურნალოდ ბათუმში ჩამომიყვანეს. გამოვკეთდი თუ არა, მაშინვე დამაბრუნეს ჩემს ბატალიონთან“,- გვიამბობს ვეტერანი.

98 წლის ვეტერანი იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა გერმანელებმა მძევლად აიყვანეს და მატარებლით უცხო ადგილას გადაყვანას უპირებდნენ. საბედნიეროდ, მტერს მალევე გამოექცა და ფეხით გავლილი ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ, თავის ნაწილში მაინც დაბრუნდა.
„43 წელში ტყვედ ამიყვანეს. ძნელი პერიოდი იყო. რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად მატარებლით გადავყავდით გერმანელებს. მხოლოდ მე შევძელი გარისკვა. გავბედე და ვაგონიდან გადავხტი. მტერსაც ასე გამოვექეცი. ცივი ამინდი იყო, თოვლიანი. ფეხით ბევრი ვიარე, თუმცა ჩემს ნაწილში მაინც დავბრუნდი და ბრძოლა ჩეულ რიტმში განვაგრძე“,- ამბობს დავით გოჩაშვილი.

როგორც დავითი გვიყვება, მიუხედავად ბევრი სიმწარისა, ომიდან დაბრუნებულმა ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძო. შეირთო მეუღლე და სამშობლოს 4 შვილი გაუზარდა.
98 წლის დავით გოჩაშვილი დღეს 4 შვილის მამა, 7 შვილიშვილის ბაბუა და 8 შვილთაშვილის დიდი ბაბუაა.

 

 

მედეა ლომიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები