მთავრობის ადმინისტრაცია: 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა ძალაში რჩება

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა ძალაში რჩება.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების თაობაზე როგორც დახურულ, ისე – ღია სივრცეებში.
აქვე განვმარტავთ, რომ, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 მაისიდან მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.
აგრეთვე, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ელი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები