ნათია მეზვრიშვილი: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია
გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ვიდეკონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების დანერგვით.
ნათია მეზვრიშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მმართველობის განახლებულ პროცესზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების შეუქცევადი მხარდაჭერა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, მთავრობა ღია მმართველობა – საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მზადაა ამ კუთხით კონსულტაციების ახალი ეტაპის გამართისთვის.
ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა სახელმწიფოს მიერ კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს განვითარების პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა გატარებული ზომები საზოგადოების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს პასუხობდეს.
ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ციფრულ ფორუმში, რომლის თემაც პანდემიის გათვალისწინებით არის – Open Response, Open Recovery, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ინიციატივას უერთდება საქართველო.
ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.