მამუკა მდინარაძე რიყის დოქებზე – ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა

ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი, უხარისხოდ არის ნაშენები, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მერე მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება, ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანათ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ რიყის დოქებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვერცერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ე.წ. კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა.

„ქუთაისის პარლამენტში მეექვსე სართულზე 55 გრადუსს აღწევდა სიცხე და თუ არ შეასწრებდი რომელიმე კაბინეტში, სადაც ცალკე კონდიცირება იყო მერე გაკეთებული, შეიძლება ხუთ წუთში ცოცხალი ვერ გადარჩენილიყავი. 55 გრადუსი, გადაჭარბების გარეშე. იმაზე უარესი მდგომარეობა იყო რიყის დოქებზე, ჯერ ერთი, დოქები რატომაა, არ ვიცი, უფრო გრაფინია, თუ რაღაც. რატომ გააკეთეს დოქი, ვინმემ იცით? დაარქვეს დოქი გრაფინს, მერე ვიღაცის ახირება, ვიღაცის პატივსაცემად, რაღაც პირად ემოციებზე აწყობილი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ვერცერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ე.წ კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა.

„მეპატრონეები, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, არავინ ანგრევს, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა. ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ, რომელიც ამის მზაობას გამოხატავდა, იმიტომ რომ ზუსტად იცის ყველამ, რა დაუჯდება. ახლა კეთილი ინებონ, პატრონებმა ფული მისცენ, რომელიღაც მათმა ბიზნესმენმა დააფინანსოს და ორმაგი რომ დაუჯდება, მერე ხარჯები  მოგვიყვანონ, რამდენად წარმატებულ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, ოღონდ სხვა ადგილზე. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა ირონიულად. როგორც ჩემთვის ცნობილია, მზად არიან, საჩუქრად, დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გარისკავს და ამ ე.წ. კულტურულ ძეგლს, ამ რაღაცას წაიღებს და ააწყობს, სადაც უნდა, რომელიმე კერძო ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ორმაგი თუ სამმაგი ჯდება მისი ელემენტარულ კონდიციამდე მიყვანა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები