ბერი გაბრიელის სასწაულები, გამოჯანმრთელებული იტალიელი მოხუცი და სიმღერა, რომელიც ემიგრაციაში დაიწერა…

„მამა გაბრიელმა იტალიაში გამომგზავრების წინ თავისი სახე დამანახა“!

გაგრაში დაამთავრა სკოლა. სიმღერებს მესამე კლასიდან წერდა. გასტროლებზე „ივერია“, „ორერა“, „ბერიკონი“ ჩადიოდნენ. მის სიმღერებს ცნობილი მომღერლები ეცნობოდნენ. ასე დაიბადა სიმღერა თოვლზე. გაგრაში დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, მაგრამ აფხაზეთის ომმა მას ბევრ რამეში შეუშალა ხელი. თუმცა დევნილობაშიც არ მიუტოვებია სიმღერა.
შემდეგ კი, უამრავი თანამემამულის მსგავსად, თავადაც ემიგრანტი გახდა. მუშაობს ერთ-ერთ ოჯახში, წერს სიმღერებს და ენატრება საქართველო.
ემიგრაციაში დაიწერა სიმღერა ბერ ნიკოლოზზე, რომელსაც ათი ათასამდე ნახვა აქვს. სიმღერის შექმნის ისტორიაზე და სხვა სასწაულებზე თავად გვიამბობს. – კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ნანა ბაბუაძის პერსონა.

– გაგრაში ცხოვრობდით. მესამე კლასიდან წერთ სიმღერებს. რა იყო დასამახსოვრებელი ბავშვობიდან და სკოლიდან?
– დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთის თვალწარმტაც მხარეში, ქალაქ გაგრაში, სადაც ჩქეფდა სიცოცხლე. შეუძლებელი იყო, ასეთ ბუნებაში მუზა არ გწვეოდა, პოეზია ან მუსიკა არ შეგექმნა.
მესამე კლასში დავწერე სონეტი, ახლაც ვწერ კლასიკურ მუსიკას, მიყვარს კინოფილმისთვის მუსიკის წერა და კიდევაც მომეცა საშუალება, მუსიკალურად გამეფორმებინა საბავშვო კინომატოგრაფიული ფილმი, სადაც მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა მედეა ჩახავამ. დავამთავრე მხოლოდ მუსიკალური შვიდწლედი, სხვა საშუალება არ იყო ქალაქში, რადგან იმ წელს მარტო მე გამოვთქვი ათწლედში გაგრძელების სურვილი, ჩემი გულისთვის ჟურნალი არ გახსნეს.

გაგრა

სამაგიეროდ ვმონაწილეობდი მუსიკალურ საღამოებში, სასკოლო გუნდში ვმღეროდი, მუსიკალურ საღამოებს ვუკეთებდი ორგანიზებას… ცეკვებსაც ვდგამდი და კულტურის სახლში გამოვდიოდი სკოლის მეგობრებთან ერთად, ვმღეროდით სიმღერებს მაშინაც, როდესაც ჰოკეის, ფეხბურთის, სპორტის სხვა სახეობებში საბჭოთა ნაკრებები ჩამოდიოდნენ.
გაგრის გუნდში ვმღეროდი, როდესაც ჩემმა სიმღერამ მონაწილეობა მიიღო სოხუმში გამართულ საგუნდო შეჯიბრზე. მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, რადგან აფხაზეთიდან მხოლოდ აფხაზური სიმღერა უნდა გადასულიყო თბილისის კონკურსზე, მხოლოდ მოგვიანებით ზაურ ბოლქვაძის ლექსზე შექმნილი ჩემი სიმღერა „საქართველოსთვის“  შეასრულა ეკა ჩიქოვანის გოგონათა გუნდმა. ეკა გავიცანი ჩიქოვანების ოჯახში, როდესაც ომის შემდეგ მთელი ოჯახი მიგვიწვიეს.
–  „პირველი თოვლი“ – ამ სიმღერით დაიწყეთ თქვენი მოღვაწეობა, როგორც კომპოზიტორმა.

ბავშვობა. მშობლები

– თავიდან ამ სიმღერის მხოლოდ მუსიკა შევქმენი, ღამის 2 საათზე გაგრაში თოვლი მოვიდა. გაგრაში თოვლი იშვიათად მოდიოდა, ისე გამიხარდა, ლოგინიდან წამოვდექი და ხელად დავწერე მუსიკა. მშობლებსაც გაუკვირდათ, ღამის 2 საათზე რა ემღერებაო.
იმხანად გაგრაში გასტროლებზე ჩამოდიოდნენ ცნობილი მომღერლები, ანსამბლები. „ჯადოსნური გზების“ ხელმძღვანელმა, ბატონმა ვალერი ლომსაძემ ასე მითხრა – ეს სიმღერა ახალ წელს შესრულდებაო.
მართლაც ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ახალი წელი საქართველოს ღამის 12 საათზე მიულოცეს ჩემი სიმღერით – „პირველი თოვლი“. მუსიკას ამშვენებდა თოვლიანი თბილისის კადრები. ასე დადგა ახალი წელი მაშინდელ თბილისში….
ჯერ მხოლოდ 17 წლის ვიყავი, ლექსი დაწერა ავთო წიკლაურმა, შემდეგ ბატონი ვალერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ჯგუფში მიიღეს უნიჭიერესი მომღერალი, საბჭოთა კავშირის კონკურსების ლაურეატი ტატა ჩუბინიძე, რომელმაც ულამაზესად შეასრულა ჩემი სიმღერა და ჰიტად აქცია. სიმღერა გაჟღერდა აგრეთვე საერთაშორისო კონკურსზე მოსკოვში… იმხანად მქონდა შეხვედრები „ივერიის“ წევრებთან და ალექსანდრე ბასილაიასთან, მათაც ძალიან მოეწონათ ჩემი სიმღერები.
როდესაც ომის შემდეგ თბილისში ჩამოვედი, დახვდა ანსამბლ „ბერიკონის“ (ანსამბლი „ჯადოსნური გზების“ ბაზაზე შეიქმნა) ფირფიტა სახელწოდებით – „გზა“, სადაც ჩემი „პირველი თოვლიც“ იყო შესული.
ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ტატასთან და მის მეუღლესთან – ავთო წიკლაურთან, ემიგრანტობაში მათ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, მიკავშირდებიან, მილოცავენ დღესასწაულებს. ჩემი ახალი სიმღერის ჩაწერაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ კორონავირუსის გამო.
იხილეთ ეს სიმღერა:
https://www.youtube.com/watch?v=EEij-oR4QQE&feature=share&fbclid=IwAR3NbLYGthQNvILQSjpZe_bG3CredEMotBtgnuTS0Uiduq_5CZBOj_i9Llk

გაგრა. მშობლებთან და შვილთან ერთად, 90-იანი წლები…

– ოჯახი ახალი შექმნილი გქონდათ აფხაზეთის ომის დროს და გაგრის დატოვებამ მოგიწიათ…
– მანამდე  სოჭში დავამთავრე ფარმაცევტული კოლეჯი, შემდეგ შევქმენი ოჯახი, მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი – ირაკლი.
ახალფეხადგმულ ცხოვრებაში კი თავს დაგვატყდა ომის ქარიშხალი, რომელმაც გაგვანადგურა, ალბათ იცით, რომ პირველი დარტყმა მიიღო გაგრამ, პატარა ბავშვით ხელში ძლივს, წუთებში, დავუსხლტდით სიკვდილს ხელიდან, რუსეთის საზღვარზე გავასწარით.
შემდეგ ჩაიკეტეს საზღვარი რუსებმა, ფეხდაფეხ გვდევდა სიკვდილი, რეკავდნენ აფხაზები, საზღვარზე ვიქნებით 5 წუთში და ჩაგხოცავთო, მაინც არ გახსნეს საზღვარი და კიდეც ჩახოცეს ხალხი…
ასე აღმოვჩნდი ადლერში, წლინახევრის ბავშვით ხელში, მხოლოდ ოჯახის ქალებმა დავტოვეთ ქალაქი, კაცები კი დარჩნენ გაგრაში ქალაქის დასაცავად, თუმცა უიარაღოდ, რადგან წინა დღეს ყველას ჩამოართვეს იარაღი.
შემდეგ… არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა მამაკაცების შესახებ, ვინ გადარჩა, ვინ დაიხოცა, ასეთ დღეში ვიყავით, როცა თვითმფრინავი გამოაგზავნა ედუარდ შევარდნაძემ, ჩავსხედით ქალები ბავშვებით ხელში. ასე აღმოვჩნდით თბილისში იმ იმედით, რომ მალე უკან დავბრუნდებოდით.
– ომის მერე თბილისში ცხოვრობდით…. პროფესიით ფარმაცევტი ხართ, მაგრამ სიმღერების შექმნა დევნილობაშიც გააგრძელეთ. საბავშვო სტუდიებში მუშაობდით…
– თბილისში რომ ჩამოვედით, როგორც დევნილები, სასტუმრო „ივერიაში“ ვცხოვრობდით. მაშინვე ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, ინტერვიუს ასაღებადაც მოვიდნენ, ჩიქოვანების ოჯახმა შინ, საკუთარ სახლში დაგვპატიჟა სამაჩაბლოელ დევნილებთან ერთად. დედა, მამა, ბავშვი… მთელი ოჯახი ვესტუმრეთ, შემდეგ ტელევიზიითაც გადაიცა ეს ჩანაწერი.
მომღერლების ოჯახის ქალიშვილი – ეკა დაინტერესდა ჩემი სიმღერებით, ჩავწერეთ, შევასრულეთ ერთი სიმღერა საქართველოზე, რომელიც მერე რადიოშიც და კონცერტებზეც გაჟღერდა.
შემდეგ ჩემი სიმღერები გავაცანი ეკა მამალაძეს. მან დამპატიჟა თავის სახლში, სადაც ძალიან თბილად შემხვდნენ. ჩემი ოჯახის ისტორიით დაინტერესდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. მოისმინეს ჩემი სიმღერები, არ მინდა თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ მაშინ 23 წლის ვიყავი და ეკა მამალაძის შექება ძალიან მესიამოვნა: ახლა რომ იყოს მუსიკალური ორკესტრი, რა კარგად აჟღერდებოდა შენი სიმღერებიო.
ჩავწერეთ სიმღერა „სიმღერისათვის დაბადებულო“, რომელიც ძალიან მოეწონა მსმენელს.
ეკას შეწევნით ბესო ხინთიბიძის საბავშვო სტუდია „რეტროში“ მივედი, რომელიც საბავშვო კინოებს იღებდა. თან მუსიკალურ კონცერტებს ვდგამდით. იქ შესრულდა ჩემი სიმღერები. ერთ-ერთ კინოგადაღებაზე მოწვეული იყო ქალბატონი მედეა ჩახავა, ამ ფილმისთვის მუსიკა მე დავწერე. პრემიერა კინოს სახლში გაიმართა და ტელევიზიითაც გავიდა.
შემდეგ ვმოღვაწეობდი ლია ლეჟავასთან კინოსტუდია „პირველ ნაბიჯებში“. ჩემი 4 ქალაქური სიმღერა ლიამ შეასრულა. მოგვიანებით რადიოშიც ჩავწერეთ და ალბომშიც შევიდა. სამწუხაროდ, სრულიად ახალგაზრდა მძიმე სენით დაიღუპა.
ვმუშაობდი მანანა თოდუას სტუდიაშიც. მაშინ გავიცანი მერაბ სეფაშვილი, რომელიც სპეციალურად მოვიდა ჩემი მუსიკის მოსასმენად ფილარმონიაში და ქების სიტყვები არ დაუშურებია ჩემი სიმღერებისთვის.
ამ პერიოდში მხარში ამომიდგა აგრეთვე კვარტეტი „ხმები“, კომპოზიტორი და შემსრულებელი მაია სიჭინავა, რომელიც ამ ჯგუფში მოღვაწეობდა. ჩავწერეთ „სიმღერა ბათუმზე“ და კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა. პირველ ხუთეულში გავედით.
– საინტერესო ისტორია გაკავშირებთ ფარმაცევტულ ქსელ „პე-ეს-პე“-სთან. თქვენი დაწერილია ჰიმნი „პე-ეს-პეზე“…
– იმ პერიოდში დედა ტრაგიკულად დაიღუპა და მამაც გადაჰყვა ამ ამბავს, ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ჩემი თავი ავიყვანე ხელში და ფარმაცევტული ფაკულტეტი დავამთავრე. სოჭის წითელი დიპლომით, რომელიც შემთხვევით წამოვიღე გაგრიდან, მოვხვდი უმაღლესში და წითელ დიპლომზე დავამთავრე. 12 წელი „პე-ეს-პეში“ ვიმუშავე. „პე-ეს-პეს“ ტრენინგცენტრის უფროსის ეკა ფრუიძის შემოთავაზებით, დავწერე ჰიმნი „პე-ეს-პეზე“.
„მეტეხში პალასში“ გაიმართა დიდი საღამო. „პე-ეს-პეს“ თანამშრომლებმა სიურპრიზი მომიწყეს – ჩემი სიმღერა შეასრულეს ლიზა ბაგრატიონმა და ეკა მამალაძემ.
მეც ამიყვანეს სცენაზე, მეც შევასრულე ჩემი სიმღერა. როგორც საუკეთესო იდეის ავტორი, დამაჯილდოვეს „სვოჩის“ საათით და სიგელით „პე-ეს-პეს“ ჰიმნის შექმნის გამო.
იტალიიდან რომ ჩამოვალ, მინდა ისევ გავაგრძელო მუშაობა ჩემი პროფესიით.
– პოპულარულია თქვენი სიმღერა აფხაზეთზე…
– სიმღერა აფხაზეთზე, რომელსაც ჰქვია „პატარა“, დაიწერა ტატა ახალაიას ლექსზე. ის დაუკავშირდა თავის მეგობარს, მომღერალს, აფხაზეთის დამსახურებულ არტისტს, ნანა ბოჯგუას და ასე შეიქმნა ეს სიმღერა. ერთად გავიარეთ რეპეტიცია, ჩავწერეთ სიმღერა. კლიპიც გადავიღეთ.
მოგვიანებით აფხაზეთზე მეორე სიმღერაც დაიწერა. ეს სიმღერები შესრულდა პროფკავშირების კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში, რომელსაც დაესწრო აფხაზეთის მთავრობის მაშინდელი მეთაური, გაგრელი თამაზ ნადარეიშვილი. ახლა, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. ნანა ბოჯგუამ გორის კაპელის სოლისტთან ერთად შეასრულა სიმღერა აფხაზეთზე, რასაც დიდი ოვაცია მოჰყვა.
ნანასთან მოღვაწეობას ახლაც ვაგრძელებ – უნდა ჩავწეროთ რამდენიმე ახალი სიმღერა, რომელიც იტალიაში, ემიგრაციაში შევქმენი მაია კუხალაშვილის ლექსზე.
იმხანად მონაწილეობა მივიღე ქალაქური სიმღერების კონკურსშიც – „პატრინოტი“, ჩემი სიმღერა ღია საკონცერტო სცენაზე უფონოგრამოდ ცოცხლად შევასრულე, როიალთან. ჟიურის წევრს ნინო ქათამაძეს ძალიან მოეწონა, ამოვიდა სცენაზე და მადლობა გადამიხადა.
– თითქმის მეოთხე წელია იტალიაში რომთან ახლოს, მოხუცს უვლით… როგორ გრძელდება თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა მანდაურ პირობებში?
– მატერიალური პრობლემების გამო ოჯახი დავტოვე და გადავწყვიტე წამოსვლა ერთი წლით. მაგრამ ერთი წელი გავიდა და უკვე სამი წელია, აქ ვარ.
ვცხოვრობ რომთან ახლოს პატარა ქალაქში, ვმუშაობ მოხუცთან. პედაგოგების ოჯახია. თავიდანვე  გაგებით შეხვდნენ იმას, რომ მუსიკალური განათლება მქონდა მიღებული. მოხუცის ძმა ორკესტრში უკრავდა, იგი დამეხმარა და ელექტროპიანინო, პატარა იონიკა მომიტანა. ჩემთვის  ნაწარმოებებს ვწერ. ერთი კლასიკური ჩანახატიც შეიქმნა.
მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე აღმოვჩნდი, სადაც როიალი იყო. იქ  იტალიური სიმღერების პოპური დავუკარი. ბავშვობიდან მახსოვს, ჩვენთან ძალიან პოპულარული იყო სან-რემოს ფესტივალი, მიყვარდა ეს სიმღერები და თითქმის ყველას მელოდია ზეპირად ვიცოდი.
სიმღერების პოპური, იმპროვიზაციულად, მოუმზადებლად შევასრულე, ძალიან მოეწონათ იტალიელებს და ოვაციით შეხვდნენ. ამ შესრულებას ქართული და იტალიური სიმღერების პოპურიც მოჰყვა, რამაც ოვაცია გამოიწვია.
შესანიშნავად მღეროდა რესტორნის დირექტორი, ლუჩანო პავაროტის საოპერო სიმღერებს  ასრულებდა, ყველა სიმღერის აკომპანიმენტი გავაკეთე, ძალიან მოეწონა და ერთობლივი საღამოების საღამოების ჩატარება შემომთავაზა, მაგრამ არ მოხერხდა ჩემი საქმიანობის გამო, ავადმყოფებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ და ვერ მივატოვებდი. ეს წუთითაც არ მინანია, რადგან მთლიანად კონცენტრირებული ვარ მარტო საქართველოზე, თუ რამეს გავაკეთებ, მინდა, რომ ქართველებისთვის გავაკეთო და საქართველოში ვიმოღვაწევო.
ჩემი ახლანდელი სამსახური მივუძღვენი მოხუცებს, როგორც საკუთარ დედას, საკუთარ მშობლებს მოვუვლიდი სიბერეში,  ისე ვუვლი მათ და სიამოვნებით ვუწევ დახმარებას.  პროფესიით ფარმაცევტი ვარ, სანამ ექიმი მოვა, მე ვეხმარები მათ.  ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოხუცებს სითბოს გადავცემ.
– ბერი ნიკოლოზისადმი მიძღვნილი სიმღერა  ემიგრაციაში დაიწერა და ათასობით ნახვა აქვს…
– ინტერნეტით  გავიცანი ირმა მანჯავიძე. ბერი ნიკოლოზისადმი მიძღვნილი მისი ლექსი მოვისმინე, რომელიც ბერ ნიკოლოზსაც ძალიან მოეწონა და ამ ლექსზე დავწერე სიმღერა.
ეს სიმღერა მარჯანიშვილის თეატრში ბერი ნიკოლოზისადმი მიძღვნილ  საღამოზე ყველამ მოისმინა. გამოიცა კრებულიც, სადაც შევიდა ბერი ნიკოლოზისადმი მიძღვნილი ლექსები და  ნოტებზე ჩაწერილი ჩემი სიმღერაც.
– დედაშვილობაზე დაწერილი სიმღერა მიუძღვენით მაია ლომიძეს…
– უნიჭიერესი ქალბატონი მაია ლომიძე  მუშაობს ბარიში. იგი ჯგუფის „იტალიის ცის ქვეშ“ ადმინისტრატორია. იგი ორგანიზებას უკეთებს ქართველი მომღერლების ჩამოსვლას იტალიაში და ემიგრანტებისთვის კონცერტების ორგანიზებას. როცა გაიგო, სიმღერებს ვწერდი, მეც მიმიწვია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე ჩასვლა. ჩაფიქრებული მაქვს, ახლა მაინც ჩავიდე, თან წმინდა ნიკოლოზის საფლავის ნახვაც მინდა.
ერთხელაც ქალბატონ მაიას 7 წლის უნახავი ქალიშვილი ჩამოუვიდა საქართველოდან და ამ ფაქტით აღფრთოვანებულმა დავწერე სიმღერა დედაშვილობაზე, რომელიც მას მივუძღვენი. სიმღერამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში.
მაიკო ლომიძე გულთბილი პიროვნებაა, მრავალ ემიგრანტს ამოუდგა მხარში, ყველას ეხმარება. მისი თაოსნობით აგროვებდნენ შემოწირულობებს საქართველოში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახებისთვის. მართლაც დედა ტერეზასავით გვყავს აქაურ ქართველ ემიგრანტებს. თუ რამე დაგვჭირდება, მისი იმედით ვართ.
ბარიში ჩემი შემოქმედებითი საღამოს გამართვაც მინდა, ვნახოთ, როგორ მოხერხდება.
– იტალიას მძიმე შედეგები ჰქონდა კორონავირუსის მხრივ, ახლა ალბათ გადაიარა პიკმა,  თუ ისევ არის საშიშროება? 
– იტალიაში კორონავირუსის პანდემიამ თითქმის გადაიარა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. ნელ-ნელა გაიხსნა კარანტინი, მიმოსვლა… ჩრდილოეთ იტალიაში იზოლაციაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოვიდნენ, ზოგი შვილებთან წავიდა, ზოგი ახლობლებთან. ახალი შემთხვევებიც უკვე დაფიქსირდა.
ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით უამრავი ადამიანი დაინფიცირდა, ბევრი ექიმი გარდაიცვალა. იტალიის ვირუსი უფრო ცუდი და ძალიან საშიში აღმოჩნდა. სიკვდილიანობა ჯერ კიდევ არის, ხალხი ისევ წევს საავადმყოფოებში. კი დაიკლო დაინფიცირების სიხშირემ, მაგრამ ჯერ ბოლომდე საფრთხე არ აღმოფხვრილა. ადამიანები სახლებიდან არ გადიან, დაშინებულები არიან.
სადაც მე ვარ, ამ ოჯახში სიცხეც ჰქონდათ, სურდოც, მაგრამ ექიმისთვის არ მიუმართავთ, ჩათვალეს, რომ გაციებულები იყვნენ. ეშინიათ, საავადმყოფოს მიმართონ, რადგან იქიდან ინფექციის მოტანის რისკი დიდია. სახლში ექიმის მოსვლისაც ეშინიათ. ამ ქალაქში – იტრიში სულ 20-25 ინფიცირებულია და მხოლოდ ორი გარდაიცვალა.
ეს ორი დღეა რომში მეტრო ამუშავდა, ავტობუსები დადიან, მგზავრებს დისტანცია მოეთხოვებათ, მაგრამ ამის დაცვა ძალიან ძნელია. უცებ არღვევენ ამ დისტანციას, რომში იმდენი ხალხია, საათობით უცდიან ტრანსპორტს, რადგან ბევრის ერთად შესვლა არ შეიძლება მეტროსა და ავტობუსებში.

სააღდგომო

კარანტინის რეჟიმის მოხსნას ჟურნალისტების დიდი წინააღმდეგობა და კრიტიკა მოჰყვა. ვეთანხმები აქაურ ჟურნალისტებს, რომ არ მოსწონთ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება და ნაადრევად მიაჩნიათ ხალხის ქუჩაში გასვლა. როგორც მედიცინის მუშაკი, მეც მივიჩნევ, რომ ძალიან ადრე იყო იტალიისთვის კარანტინის რეჟიმის მოხსნა.
– თქვენ მორწმუნე ხართ. მამა გაბრიელის საფლავზე სასწაულიც კი მოხდა… იქნებ შემთხვევითი არაა, რომ თქვენს მოხუცს მამა გაბრიელის მალამომ უშველა?
– სანამ დავტოვებდი სამშობლოს, სამსახურს, ოჯახს, ცივი გონებით მივიღე იტალიაში წამოსვლის გადაწყვეტილება. მინდოდა, სიმშვიდე მომეპოვებინა და დასტური მიმეღო ყველანაირად. რაც არ უნდა გაუმართლებელი ყოფილიყო, მაინც გამართლებულად ჩამეთვალა ჩემი წამოსვლა. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, არ წამოვიდოდი, თუ ჩვენი წმინდანებისგან უარს ვიგრძნობდი. თუ რამე ცუდ ნიშანს შევიგრძნობდი, გადავიფიქრებდი წამოსვლას.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ შემთხვევით ქუჩაში გამოსული ბერი ნიკოლოზი დავინახე, მისი პოვნა და მდუმარე ბერთან მიკარება ადვილი არ არის… და რომ დავინახე, მაშინვე მივედი ახლოს, ერთი სიტყვით ვუთხარი ჩემს გადაწყვეტილებაზე, წასვლა მინდა-მეთქი. მისვლისას თავი დამიხარა. ისეთი თვალებით შემომხედა, კიო, მითხრა და მივხვდი, ღმერთი არ გამწირავდა. თანადგომა ვიგრძენი ბერი ნიკოლოზისგან და წამოვედი იტალიაში.
მანამდე ჩავიფიქრე, რომ ბერი გაბრიელის საფლავზეც მივსულიყავი.
მივედი, შევთხოვე ყველაფერი, ჩემთვის დაველაპარაკე მამა გაბრიელს. მამა გაბრიელს სახე დაფარული აქვს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ სახე დამანახა-მეთქი. გაფიქრება ვერ მოვასწარი, ვხედავ მამა გაბრიელის სახეს, როგორიც არის, ზუსტად ისეთს, – გაღიმებულ სახეს..
თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ, მამა გაბრიელს სახეზე არაფერი არ აფარია, გადახდილი აქვს? ეს როგორ ვერ შევნიშნე-მეთქი? უფრო ახლოს მივედი, კარგად შევხედე და… სახე დაფარული ჰქონდა.
ხელად გამოვედი ტაძრიდან. დედაოებს ვუამბე, რაც მოხდა, განცვიფრებულებმა დამიდასტურეს, სასწაული მომხდარაო… მამა გაბრიელმა გამომგზავრების წინ თავისი სახე დამანახა!
იტალიაში თან წამოვიღე ბიბლია, ლოცვები, წიგნები და მამა გაბრიელის ზეთი. ყოველთვის, როცა მოხუცებს სჭირდებათ, ვუსვამ.
ამას წინათ მოხუცი დაეცა. საავადმყოფოში ვერ წაიყვანეს, ჩატეხილი ჰქონდა მალა, ვერ დგებოდა, ვერ გადაადგილდებოდა, ტკივილებისგან ყვიროდა. მოვუსვი მამა გაბრიელის ზეთი და სამ დღეში ფეხზე დადგა, გაიარა. გავგიჟდი და ეს უკვე სასწაული იყო. როგორ შეიძლება მოტეხილი მალის ასე გამთელება?
მერე ზეთი თავზეც წავუსვი. მადლობა გადავუხადე მამა გაბრიელს. ძალიან მიყვარს მამა გაბრიელის ხატი, აქ მიდევს და ვლოცულობ. მოხუცი სულ მოდის და მპარავს ამ ხატს. აიღებს, წაიღებს თავის ოთახში, მერე მე ისევ გამომაქვს… ძალიან უყვარს ეს ხატი, მამა გაბრიელმა მომარჩინა0, ამბობს. ბერი ნიკოლოზის ხატიც მაქვს, დიდება უფალს.

ძმა – გიორგი ბაბუაძე

– საქართველოში ოჯახი და შვილი გელოდებათ…
– მეუღლე მოუთმენლად ელოდება ჩემს დაბრუნებას საქართველოში. ამ სამი წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. მეუღლე ინჟინერი, შვილი სპორტსმენია, 30 წლისაა. დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ფეხბურთს.
მყავს ძმა გიორგი ბაბუაძე, ფეხბურთელი, მეკარე იყო, ამჟამად მწვრთნელია.
– რას ეტყოდით ემიგრანტებს?
– ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში. ყველას ვეტყოდი, თუ გამოუვალი მდგომარეობა არ აქვთ, ზედმეტად არ გაჩერდნენ ემიგრაციაში. ვერავითარ ბედნიერებას ვერ ჰპოვებენ აქ სამშობლოს გარეშე.

უფალი ყველგან დაგვეხმარება, უცხოობაშიც და ჩვენს სამშობლოშიც. მაშინ ასეთი გზა ამოვირჩიე. თუმცა შეიძლება ეს გზა გასავლელი იყო, აქედან კი რაღაც გაკვეთილი მივიღე. ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. და ეს დიდი გამოცდილებაა…
– სამომავლო გეგმები…
– მინდა გითხრათ, აღმოვაჩინე მსგავსება და იდენტურობა იტალიურ კლასიკურ დიალექტურ და ქართულ ენას შორის,  ვაპირებ, გამოვიკვლიო და დავწერო ამის შესახებ, მინდა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე საქართველოში და შევქმნა ბევრი პატრიოტული სიმღერა, საგალობელი, მრავალფეროვანი მუსიკა, აგრეთვე ვიმუშავებ ჩემი პროფესიით, ვიფუსფუსებ პატარა ბაღჩა- ბოსტანში, რაც მთავარია, გავაგრძელებ ჩემს ხალხთან ერთად იმ რთული მისიის შესრულებას, რაც გვაკისრია არა მარტო საქართველოს წინაშე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე, რადგან მთელი მართლმადიდებელი სამყარო ელოდება ლაზარეს გაღვიძებას და საქართველოს გაბრწყინებას,
დაბოლოს, მინდა გითხართ, რომ ამ ინტერვიუმ მეტი სიმხნე მომცა, ძალა შემმატა, დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მადლობელი ვარ. ახლიდან გავიხსენე ჩემი ცხოვრება და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები