მერაბ ქვარაია: ვერშემდგარი ვიცეპრემიერობის შემდეგ სააკაშვილის ამ პოზიციაზე დანიშნვა „დამამშვიდებელ პრიზს” უფრო ჰგავს
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას „დამამშვიდებელი პრიზი“ უწოდა.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – სააკაშვილი.
„ვერშემდგარი ვიცეპრემიერობის შემდეგ სააკაშვილის ამ პოზიციაზე დანიშნვა „დამამშვიდებელ პრიზს” უფრო ჰგავს. არ მგონია გრძელვადიან პერსპექტივაში ან საერთოდ, ეს იყოს წარმატება სააკაშვილისთვის ან “ნაცმოძრაობისთვის”, მით უფრო, რაიმე სიკეთის მომტანი უკრაინისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტნიორ ქვეყანაში ძებნილი, მსჯავრდებული შენს ქვეყანაში რაიმე პოზიციაზე არ უნდა დანიშნო, ეს ერთგვარად დიპლომატიური წითელი ხაზების გადაკვეთაცაა, რაც თავის დროზე პოროშენკომ გააკეთა და შედეგებიც მოიმკო. ასე თუ ისე, მომხდარი უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ საუკუნოვან ურთიერთობაზე ვერ იმოქმედებს. აუცილებელია ჯეროვანი შეფასებები და აქტიური კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას, მაგრამ “ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ”. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ‘ სააკაშვილი და მისი პარტია ერთად აღებული”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.