შიდა ქართლიდან ლუგარში გაგზავნილი 92 ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია

გუშინ შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 92 ნიმუშიდან კოვიდ19 არცერთ პირს  დაუდასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. რაც შეეხება კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ პაციენტს – რეგიონის პირველი პირის განცხადებით, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი 45 წლის ქალბატონი შიდა ქართლის რეგიონში არ ცხოვრობდა და ის სამხედრო ჰოსპიტალში სხვა კლინიკად იქნა გადმოყვანილი
“გუშინ რეგიონში 92 ნიმუში იქნა აღებული. დღეის მდგომარეობით, ახალი პაციენტი და ინფიცირებული რეგიონში არ გვყვავს.
მოხდა სამწუხარო ფაქტი – გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც არ იყო ჩვენი რეგიონიდან. სხვა დაწესებულებიდან იყო გადმოყვანილი, სადაც დაუდასტურდა კოვიდ 19. გეტყვით იმას, რომ მას სხვა, გვერდითი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ყოველდღიურად შიდა ქართლიდან იგზავნება რამდენიმე ათეული ნიმუში, მათ შორის არის სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი რაოდენობა, შესაბამისად, ამაში იგულისხმება, რომ მიზნობრივად ხდება სამედიცინო პერსონალის შემოწმება. გუშინ ასევე დამატებით მოხდა მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები მოხუცებისთვის ანალიზის აღება და საბედნიეროდ არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 29 მარტიდან იმყოფებოდა.
ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტი ვირუსული ინფექციის ნიშნებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.
“ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს, ასევე, აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა, როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული, რის გამოც, ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა”, – განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის რეგიონში კოვიდ 19 დაინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1 – კასპის მუნიციპალიტეტში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტში, 6 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები