აბაშიძე: ძებნილი, მსჯავრდებული სააკაშვილის დანიშვნა, თუნდაც საკონსულტაციო საბჭოში, არაერთ შეკითხვას იწვევს
“უკრაინიდან ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებისთვის, რადგან ძებნილი, მსჯავრდებული სააკაშვილის დანიშვნა, თუნდაც საკონსულტაციო საბჭოში, იწვევს არაერთ შეკითხვას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე აცხადებს.
აბაშიძე უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ეხმაურება.
“უკრაინიდან ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებისთვის, რადგან ძებნილი, მსჯავრდებული სააკაშვილის დანიშვნა, თუნდაც საკონსულტაციო საბჭოში, იწვევს არაერთ შეკითხვას. საქართველოს ელჩის მონაწილეობითაც უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ, თუნდაც მოკლე ვადაში, ნეგატიურად არ იმოქმედოს ისტორიულ, სტრატეგიულ ურთიერთობაზე.
ცხადია, რომ სააკაშვილი ვერც ვიცეპრემიერი გახდა და, საერთოდ, აღმასრულებელ შტოში ვერ მოხვდა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური აღშფოთებისა და უკრაინის მმართველი გუნდისა და უბრალო უკრაინელების უკმაყოფილების გამო. მას შესთავაზეს “MAP – ზე უკეთესი” ტექნიკური პოსტი საკონსულტაციო ორგანოში და “ნაცმიმდევრებიც” ხელოვნურად გაახარეს დროებით. მიშა და მისი მოადგილე, „აიტიშნიკი“ ოლშანსკი, რომლის ფოტოების ხილვისას უმალ გრეგორი ვაშაძეზე მოხდა მიმსგავსება, დიდხანს ვერ გაქაჩავენ.
უკრაინას, ჩემს დედულეთს, ძალიან უჭირს საკადრო და არაერთ სფეროში. წარმატებებს ვუსურვებ დროებითი სირთულეების გადალახვაში. ღრმად მწამს, რომ ეს კლოუნადა გაივლის, ხოლო საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, – წერს აბაშიძე „ფეისბუქში“.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.