უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ საქართველო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, რა ვქნათ, გადავიტანთ
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოში ვერცერთი სახელმწიფო გვიკარნახებს, სად შეიძლება მისი დანიშვნა და სად – არა”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ უკრაინულ მედიას ჯერ კიდევ მაშინ განუცხადა, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.
კულებას თქმით, ოფიციალური კიევი ეცდება, საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა მაშინაც შეინარჩუნოს, თუ ის უკრაინის მიმართ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.
“მიხეილ ნიკოლოზოვიჩის ქარიზმატულობის მიუხედავად, ის უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ჩვენთან ადრეც იკავებდა სახელმწიფო თანამდებობებს. ამიტომ, ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა მეგობრული და სტრატეგიული დარჩეს. თუ ქართველი პარტნიორებისგან იქნება რაიმე სახის მკვეთრი ნაბიჯი გადადგმული, რა ვქნათ, გადავიტანთ, შემდგომ კი დაკარგულის აღდგენას დავიწყებთ”, – თქვა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან მშვიდი, შინაარსიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
“ის თავისი მთავრობის პოზიციას მიხსნიდა, ჩვენ კი ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. მათგან პირველია – საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ ისინი ერთი ადამიანის ბედის ტყვე ვერ გახდება. მეორე – საქართველოს შიდაპოლიტიკური კონტექსტი გვესმის, მაგრამ ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. და ვერცერთი სახელმწიფო გვიკარნახებს, სად დავნიშნოთ ან რა თანამდებობაზე უკრაინის მოქალაქე”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.