N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო დერეფანმა პილოტურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო დერეფანმა პილოტურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სადეზინფექციო დერეფანი სენსორულია და მასში შესულ ადამიანს ათი წამის განმავლობაში სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარს მთელ სხეულზე (მათ შორის თმაზე) ასხურებს, რის შედეგადაც დეზინფექცია უტარდება დერეფანში შესული ადამიანის სამოსს, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო წყაროა.
“როგორც ცნობილია, სპეციალური პენიტენციური სამსახური მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსისგან დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულები, ასევე სისტემის თანამშრომლები. ერთ-ერთი ასეთი პრევენციული ღონისძიებაა პენიტენციური დაწესებულებების სპეციალური სადეზინფექციო დერეფნით აღჭურვა. მიმდინარე წლის აპრილიდან, N8 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელში უკვე ფუნქციონირებს ასეთი სადეზინფექციო დერეფანი პილოტურ რეჟიმში, მიმდინარე თვის ბოლომდე კი იგეგმება საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულების იდენტური მოწყობილობით აღჭურვა.
სადეზინფექციო დერეფანი სენსორულია და მასში შესულ ადამიანს ათი წამის განმავლობაში სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარს მთელ სხეულზე (მათ შორის თმაზე) ასხურებს, რის შედეგადაც დეზინფექცია უტარდება დერეფანში შესული ადამიანის სამოსს, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო წყაროა. ეპიდემილოგების დასკვნით, სადეზინფექციო დერეფანი ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სადეზინფექციო დერეფანში გამოიყენება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სერტიფიცირებული სპეციალური ხსნარი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელია.
სადეზინფექციო დერეფანი კიდევ ერთი დამცავი ბარიერია, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელი ნებისმიერი პირი (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, ადვოკატი, გამომძიებელი, პატიმარი თუ ნებისმიერი ვიზიტორი) გაივლის. ამასთან, სადეზინფექციო დერეფნის გავლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელი პირი დაწესებულების შესასვლელში სპეციალურად მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადის შემოწმებას (თერმოსკრინინგი, ეპიდანამნეზის შეგროვება) და დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რაც ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხება,”- ნათქვამია ოენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.