ამირან სალუქვაძე: საქართველომ საკუთარი პროტესტის გამოსახატად საკმაოდ მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა

“საქართველომ საკუთარი პროტესტის გამოსახატად საკმაოდ მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

სალუქვაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც უწყება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში იძახებს.

„სააკაშვილის საკითხმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უკვე იმოქმედა. დიპლომატიაში ხელწამოსაკრავი ნაბიჯი არაა, როცა ელჩის გამოძახება ხდება. სახელმწიფოს მხრიდან პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი მკვეთრი ფორმაა ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება. გაცილებით რბილი ფორმა იქნებოდა, უკრაინის ელჩი რომ დაებარებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ანუ საქართველომ საკმაოდ მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა საკუთარი პროტესტის გამოსახატად. რამდენად აღიქვამს ამას პრეზიდენტი ზელენსკი თავისი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, არ ვიცი.

სააკაშვილის მიმართ სასამართლო განჩინებებია დამდგარი. ამ განჩინებებს შეიძლება, არ ეთანხმებოდეს თავად სააკაშვილი, მისი მომხრები, მოსახლეობის სხვა ნაწილი, მაგრამ ამ განჩინებას პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფომ. როცა მას პოროშენკომ მოქალაქეობა მიანიჭა, მაშინ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. შემდეგ გაიყარა მათი გზები და თავადვე გაუუქმა მოქალაქეობა, ზელენსკიმ, ასევე წინდაუხაედავად, იგივე ქმედება ჩაიდინა. იცოდა რა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს რამდენიმე სასამართლო განჩინება, მას მოქალაქეობა დაუბრუნა. ეს არის რეალობა. ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ეროვნული რეფორმების საბჭო, რომლის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ სააკაშვილი დაინიშნა, გარკვეულწილად, სამთავრობო სტრუქტურებს დაუპირისპირდეს.

„რაც შეეხება თანამდებობას – რა თქმა უნდა, ეს არ არის აღმასრულებელი თანამდებობა და არ არის ახალი. საბჭო 2014 წელს შეიქმნა პოროშენკოს მიერ. რა მოიტანა ამ საბჭოს საქმიანობამ, ვხედავთ. უკრაიანში ისევ მწვავედ დგას რეფორმების საკითხი.
რამდენად ქმედითი ორგანოა, ამას დრო დაგვანახებს. სააკაშვილს აქვს იმის უნარი, რომ გარკვეული ენერგია შეიტანოს ამ საბჭოს საქმიანობაში და მოსალოდნელია, რომ ეს საბჭო, გარკვეულწილად, დაუპირისპირდეს კიდეც სამთავრობო სტრუქტურებს. თუ სამთავრობო სტრუქტურებიდან ამ საბჭოს მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე თანხვედრა არ იქნება, რა თქმა უნდა, კონფლიქტური სიტუაცია იქნება.

სააკაშვილი კი ამბობს – არ მაინტერესებს თანამდებობებიო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი პარტიის ლიდერია უკრაინაში. მას რომ არ გააჩნდეს პოლიტიკური პარტია, მაშინ არ ექნებოდა პოლიტიკური ინტერესები. ეს აქსიომაა. მან უნდა დატოვოს პარტია, თუ აქვს სურვილი, მის შემდგომ ქმედებებში მისმა ოპონენტებმა პოლიტიკური ინტერესები არ დაინახონ. ის უნდა გაემიჯნოს საკუთარ პარტიას და დაიწყოს სუფთად ჩინოვნიკური საქმიანობა“, – განაცხადა სალუქვაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები