“ეს იყო გამოწვევა COVID-19-თან ბრძოლაში“ – ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა მოსახლეობისთვის 4000 პირბადე შეკერა
“ეს იყო დიდი გამოწვევა ჩვენთვის – გაგვეღო ჩვენი წილი პასუხისმგებლობა პანდემიასთან ბრძოლაში“, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
როგორც ნანა სოხაძე ამბობს, სასწავლო დაწესებულებაში ჭრა-კერვის კურსებს პანდემიის დროს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუწყვეტია. გერმანული ორგანიზაცია DVV Internacional-საქართველოს დაფინანსებით, მათ სერტიფიცირებული მასალისგან პირბადეების კერვა დაიწყეს და 2000 ცალი მერიას უკვე მიაწოდეს. ამ ეტაპისთვის კი მორიგი 2000-ის კერვის პროცესი მიმდინარეობს.
“შეგვიძინეს მასალები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება. 2000 პირბადის შეკერვა უკვე დავამთავრეთ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ, მოქალაქეებისთვის გადასაცემად გავუგზავნეთ“, -გვიყვება ნანა სოხაძე.
პირველი წარმატებული მცდელობის შემდეგ, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრს საერთაშორისო ორგანიზაცია CENN -მა 1000 პირბადე შეუკვეთა. დაფინანსებაც საკუთარ თავზე აიღო და მასალებიც შეიძინა.
“ჩვენ უმალვე შევუდექით მეორე ეტაპის განხორცილებას, ამჟამად, 2000 პირბადის კერვის პროცესი მიმდინარეობს. 3 ადამიანი გვყავს დასაქმებული, ბენეფიციარები მოვიწვიეთ და ჯგუფს ჭრა-კერვის წრის ხელმძღვანელი კურირებს. პანდემიის პირობებში, ჩვენი ცენტრისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, მოგვეცა შანსი, პატარა წვლილი შეგვეტანა და ჩვენი წილი პასუხისმგებლობით გვეპასუხა ამ გამოწვევისთვის”, – განაცხადა ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, სულ მალე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი მოსახლეობისთვის 2000 პირბადეს ისევ მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველოში სულ 11 ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორის ერთ-ერთი აქტიური ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრია, სადაც რამდენიმე პროფესიული კურსი ფუნქციონირებს და მსურველთათვის ასაკი შეუზღუდავია.
მარინე სვანიძე