ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს განმეორებითი ტესტით კოვიდ-19 არ დაუდასტურდა
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს განმეორებითი, ღრმა კვლევის საფუძველზე, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადეს.
“ლუგარის ცენტრში, ექიმის განმეორებითი პსრ ტესტი კოვიდ 19 – ზე ნეგატიურია. კიდევ მეტად ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს ქალბატონზე და განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება მის შვილსაც. ეს ქალბატონი გადავა საკარანტინე ზონაზე და დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, გვეცოდინება პასუხი და მიზეზიც, თუ რამ გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა “,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
” ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ ვითარებას, რაც ქალბატონის გარშემო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, ექიმებს აქვთ გადაწყვეტილი დამატებითი , ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარონ, რომ ყოველმხრივ იქნეს შესწავლილი ეს საკითხი “,- განაცახადა ირაკლი ქადავიშვილმა.
ჩაღრმავებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კახეთი კვლავ ინარჩუნებს “მწვანე ზონის” სტატუსს.
კახეთიდან გუშინ, ჯამში, ლუგარის ლაბორატორიაში 270 ნიმუში გაიგზავნა. კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია.