ჭიათურაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები განახლდა.
ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსსა და სპეციალისტებთან ერთად მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გივი მოდებაძე სოფელ ითხვისში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი სოფლის ცენტრში შენდება. ამ დროისათვის, ადგილზე ფუნდამენტის მშენებლობის პროცესი დასრულებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გივი მოდებაძე ითხვისის პირველ საჯარო სკოლაშიც მივიდა, სადაც სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 41 160 ლარს შეადგენს.
დღესვე, ჭიათურის მერმა ჭიათურა-წირქვალის დამაკავშირებელ გზაზე დასრულებული ხიდი მოინახულა, სადაც სამუშაოები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დასრულდა. ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 25 000 ლარი შეადგინა.