„ახალგაზრდა ადვოკატები“: შესასწავლია, რა აკავშირებს ზაზა აბაშიძეს გორჩაკოვის ფონდთან და რა აკავშირებდა ფონდს უნივერსიტეტთან
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასმას და საქმიანობის შესწავლას მოითხოვს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ შესასწავლია, რა აკავშირებს ზაზა აბაშიძეს გორჩაკოვის ფონდთან, რომელიც რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოსთვის და რა აკავშირებდა ამ ფონდს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან, საიდანაც ზაზა აბაშიძემ 2018 წელს არასასურველი მეცნიერ-თანამშრომლები აკადემიური თანამდებობის მიღმა დატოვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ზაზა აბაშიძე სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე იმ პირობებში დაინიშნა, როდესაც არ შემოწმებულა მისი საქმინობის მნიშვნელოვანი მხარე – იგი პარალელურად ხელმძღვანელობდა რუსულ-ქართული საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც 2013 წლიდან დააფუძნა ა.მ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და მისი წესდების მიხედვით, მიზნად ისახავს საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსურ დახმარებას და სხვა. სწორედ ამ ვითარებაში, ზაზა აბაშიძის სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვა ყოვლად გაუგებარი მოვლენაა, ისევე, როგორც რეაგირების გარეშე დარჩენილი, ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ მისი შემდგომი განცხადებები და საჯარო პოზიცია (საკითხი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვა). ამასთან, შემოწმებისა და შეფასების გარეშეა დარჩენილი სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობაც, გორჩაკოვის ფონდთან ზაზა აბაშიძის შემდგომი მიმართება და ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა იმის მიუხედავად, მიმდინარე წლის მაისში, ეწურება თუ არა თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ზაზა აბაშიძეს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყურადღება მიაქციეს 2019 წლის შემოდგომაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი დასაქმებულ მეცნიერ-თანამშრომლებს სთავაზობდა ჩართულიყო ქართულ-რუსული ურთიერთობების უახლესი ისტორიის კვლევასა და წარმოედგინათ ნაშრომები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საკითხზე არებობდა დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, თუმცა ავტორები, რომლებიც შექმნილ ნარკვევებზე რუსეთის დადებით როლზე ისაუბრებდნენ, დამატებით, თუმცა პროექტის მიღმა, გორჩაკოვის ფონდიდან აუნაზღაურდებოდათ ჰონორარი. მიღებული ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება ინსტიტუტის დირექტორმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზეც გააკეთა და ამ პროცესში დასახელდა ზაზა აბაშიძესთან მიმართება, რომელიც ამ პერიოდში, ინსტიტუტში გამოცხადებული მასობრივი კონკურსების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ იქნა მოწვეული.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის 9 ოქტომბერს, დაუყოვნებლივ წერილით მიმართა თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს და მოითხოვა ინფორმაცია ინსტიტუტის 2019 წლის ბიუჯეტის, დასაქმებულ პირთა შტატით და შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხოვნების, 2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე ან დასრულებული პროექტის, მათი დასახელებების, 2019 წლის 1 იანვრიდან ინსტიტუტის მიერ გრანტის ან/და სხვა ფინანსური საშუალების ფორმის სახით მიღებული დაფინანსების. კერძოდ, თანხის გამცემი ორგანიზაციები/დაწესებულებებისა და თანხის ოდენობის შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან/და აკადემიურ დაწესებულებასთან/ორგანიზაციასთან გააჩნდა ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ან/და თანამშრომლობის ხელშეკრულება.
უნივერსიტეტის 2019 წლის 28 ოქტომბრის წერილის თანახმად, ინსტიტუტში შტატით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას შეადგენდა 67, აქედან – 63 სრული საშტატო ერთეული, 4 – 0,5 საშტატო ერთეული (შტატგარეშე პერსონალი ინსტიტუტს არ ჰყავს). დაწესებულების 2019 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 440489 ლარს, მათ შორის შრომით ანაზღაურების კომპონენტში – 444000 ლარს, საქონლისა და მომსახურების კომპონენტში – 32500 ლარს და არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში – 3989 ლარს. მიმდინარე და დასრულებული პროექტების სახით, დასახელდა მხოლოდ ერთი აქტივობა: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში, „წმინდა გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო კონფერენცია – საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“. ამავე ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე ოთხი კვლევა, ხოლო მიღებული ინფორმაციით, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან (რაც ცალკე, არსებითი პრობლემაა), ინსტიტუტს მემორანდუმი გაფორმებული არ გააჩნდა.
ორგანიზაციის განმარტებით, მართალია, თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მხრიდან 2019 წლის საქმიანობაში არ ფიქსირდება პროექტი, რომელიც ქართულ-რუსული ისტორიის კვლევას მოიცავს, თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს ერთ ფაქტს. კერძოდ, ასეთი პროექტის განხორციელება ფიქსირდება სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში. კერძოდ, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს 2020 წლის გაზაფხულზე, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით, დაგეგმილი ჰქონდა საზაფხულო სკოლა. აღნიშნული სკოლის გამართვა წელს საქართველოში მეორედ უნდა შემდგარიყო, რომლიც მთლიანად ეძღვნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. კერძოდ, აფხაზეთს და მის ისტორიას. ორგანიზაცია გამოთქვამს აზრს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, აღნიშნული საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეობა მიეღოთ თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს, ვინაიდან ზაზა აბაშიძის გორჩაკოვის ფონდთან იურიდიული კავშირები დადგენილია.
ამასთან, ორგანიზაცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ზაზა აბაშიძის უკიდურესად ნეგატიურ როლს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე, რომელზედაც დავა სასამართლოში მიმდინარეობს. მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის – მთავარი მეცნიერ თანამშრომელის, უფროსი მეცნიერ თანამშრომელისა და მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. საკონკურსო კომისიას სწორედ ზაზა აბაშიძე თავმჯდომარეობა, სასამართლომ კი, მასთან ერთად, კომისიის სხვა წევრებიც გამოკითხა და მათ აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს.
კერძოდ, დარეჯან კლდიაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რაც მომდინარეობდა საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისგან. კომისიის წევრის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის დროს, უპირატესობა მინიჭა მათთან ახლობლობას და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა აბაშიძესთან ნათელმირონობით დაკავშირებულ პირსაც. კანდიდატების მიმართ პირადი შეხედულებებით შეფასებაზე ისაუბრა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან არ სურდა კონკურსში მონაწილე ცალკეული მეცნიერებების მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების დაფიქსირება, კომისიის სხდომებში მუშაობაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ბეჟან ხორავას, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა. ასევე, ბეჟან ხორავამ აღნიშნა, რომ კომისიამ ცალკეული კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეაფასა, რადგანაც გადამწყვეტი გახდა არა – სამეცნიერო ნაშრომების შეფასება, არამედ – გამარჯვებულ კონკურსანტებთან პირადი ურთიერთობები.
სასამართლო სხდომაზე ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავადვე უწოდა ვაკხანალია, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა, ომარ არდაშელიამ სასამართლოს მიაწოდა ღირებული ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა კონკურსანტთა განაცხადებზე მუშაობა და შერჩევა. ზაზა აბაშიძის მსგავსად, ომარ არდაშელიამაც დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა, სადაც ზაზა აბაშიძემ კომისიის სხვა წევრთან ერთად, დაიბარა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე, აგრძელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ისევე, როგორც ყურადღებით შეაფასებს სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მომავალ საქმიანობას და საჯარო ინტერესის ფარგლებში, მისი მოქმედი დირექტორის ქმედებათა მართლზომიერებას.