სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინე სივრცეში 142, თვითიზოლაციის რეჟიმში კი 174 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 142 პირი (მატება თეთრიწყაროდან გადმოყვანილი პირების ხარჯზე ფიქსირდება) იმყოფება. თვითიზოლაციის რეჟიმში რეგიონში ამჟამად, დაკვირვების ქვეშ 174 ადამიანია.
მათივე ცნობით, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა 888 მოქალაქეს მოეხსნა. რაც შეეხება “კოვიდ19”-ზე ანალიზებს – რეგიონიდან გამოსაკვლევად სულ 64 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 32 მათგანი უარყოფითია. ხოლო დარჩენილი 34 ანალიზის პასუხი, დღეს გახდება ცნობილი.
უახლესი მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისთვის სამი პირი დააჯარიმეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები