მედია: მიშუსტინი რუსეთის პრემიერის სავარძელს შესაძლოა, გამოჯანმრთელების შემდეგ აღარ დაუბრუნდეს

რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი კორონავირუსიგან გამოჯანმრთელების შემდეგ თანამდებობას შესაძლოა, აღარ დაუბრუნდეს.
ამის შესახებ “მედუზას” რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა უთხრა.
გამოცემის წყარომ ყურადღება იმას მიაქცია, რომ მიშუსტინის არყოფნის დროს მოვალეობის შესრულება პირველ ვიცეპრემიერს, ანდრეი ბელოუსოვს ცალკე განკარგულებით დაევალა მაშინ, როდესაც, მთავრობის შესახებ საკონსტიტუციო კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პრემიერის დროებითი არყოფნის დროს პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება საჭირო არ არის.
მისი თქმით, პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მეთაური თანამდებობას ტოვებს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ მიშუსტინი სხვა თანამდებობაზე გადავა.
აღნიშნულ ინფორმაციას კრემლში გამოეხმაურნენ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, ყველაფერი “სისულელეა”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრემიერმინისტრს კორონავირუსი აქვს, 30 აპრილს გახდა ცნობილი. მასთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში იქნებიან და მათ ტესტირებას ჩაუტარებენ.
ამასთან, პრემიერის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, ჰქონდა თუ არა მას ბოლო პერიოდში პირადი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან.
აღინიშნება, რომ მიშუსტინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრების უმეტესობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები