„ანატორში ჩემი წინაპრების ძვლები რომ ვნახე, მუხლებზე დავეცი და ვტიროდი“ – ხელოვანი, რომლის სურვილია, ხევსურეთი მსოფლიომ გაიცნოს

წარმოშობით ხევსურია, ყველამ იცის სოფელი ანატორი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და სადაც „შავი ჭირი“ გაჩნდა.
განათლებით იურისტია, ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში, თუმცა ამბობს, რომ ყოველთვის გრძნობდა, რომ უფრო სხვა სამყაროს ეკუთვნოდა.
თებერვალში ერთ დღეს, შემთხვევით აიღო ჩვეულებრივი მახათი, ძაფი და დაიწყო ქარგვა. ნაქარგებს მაშინვე დიდი ინტერესი მოჰყვა სოციალურ ქსელში, არ სჯეროდათ, რომ მისი შექმნილი იყო.
შემდეგ თვითიზოლაციამ შთაგონება უფრო გაუმძაფრა, შექმნა ახალი ნამუშევრები. ივლისში უკვე გამოფენასაც აპირებს, აღსანიშნავია, რომ „რუმსის“ სასტუმროები მისი ნაქარგებით გაფორმდება, აგვისტოში კი პარიზი ელის.

მისი ინიციატივით ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი „იზოლაციური ხელოვნება“. ამბობს, რომ ხევსურეთში, სადაც პაპის სახლია, იმ ადგილს ააღორძინებს და სამომავლოდ სასტუმროს გახსნის.  –  ხატია ლიქოკელის პერსონა.

– სამი თვეა, რაც ქარგვა დაიწყეთ და უკვე მრავალი მნახველი გყავთ. რატომ მაინცდამაინც  ქარგვა?  ალბათ ბავშვობაში ხატვაც გიყვარდათ?
– 2020 წლის თებერვალს დავიწყე ქარგვა, ვერ გეტყვით, რატომ ქარგვა, არასოდეს მისწავლია ხელოვნება, ბავშვობაში რამდენიმე ნახატი დავხატე, ქარგვა კი ნანატრი სტუმარივით მოვიდა ჩემთან.
– თებერვალში დაწყებული ქარგვა კარანტინში გააგრძელეთ, როგორ იმოქმედა თქვენზე კორონავირუსის რეალობამ? ალბათ შთაგონება უფრო გაგიმძლავრათ თვითიზოლაციაში?
–  სასწაული ინტუიცია მაქვს. სანამ გამოცხადდებოდა კარანტინი, წავედი და ძაფები ვიყიდე, იზოლაცია დამეხმარა ჩემი თავის შეცნობაში ისე, როგორც არასდროს. ჩემს თავთან მარტო დარჩენილს ის მკარნახობს, რა მოვქარგო…
– როგორ მოდის ფანტაზია?
– მგონია, ყველა ხელოვანი საკუთარი თავისგან შებრუნებული არსებაა. შესაბამისად, მგონია, ჩემს რეალურ სამყაროს ვქარგავ, ეს რეალობა კი, სინამდვილეში სადაც ვარ, არ არსებობს.

„ხევსურეთი“

– ბებია გვარად არაბულია, ხევსურია, მან გიამბოთ ანატორზეც, სადაც „შავი ჭირი“ გავრცელდა და დღესაც ლეგენდები დადის. როგორც წარმოშობით ანატორელმა, თქვენც მოიძიეთ მასალები ამ სოფელზე…
– ბებიაჩემმა არაერთი ხევსურული ორნამენტი შექმნა და მის მიერ ხელით მოქსოვილი ხალიჩები ექსპერტებმა საკმაოდ ძვირად  შეაფასეს. ანატორზეც ბებია მიყვებოდა ბავშვობაში და  ზღაპარი მეგონა. ანატორში პირველად ჩემი წინაპრების ძვლები  რომ ვნახე, არ ვიცოდი, ანატორელი რომ ვიყავი, ინსტინქტურად მუხლებზე დავეცი და ვტიროდი, ყველა მე მიყურებდა, ძალიან შემრცხვა.
მოგვიანებით კოშმარები მაღვიძებდა. თითქოს ანატორის აკლდამებთან ვიდექი  და შავებში ჩაცმული ხალხი მეხვია გარს, მაგრამ კი არ მეშინოდა, ვუღიმოდი. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია და გავიგე, რომ ანატორელი ვყოფილვარ. გვარი ლიქოკელი  სისაურებიდან მოდის.  ერთი შტო ვართ.
დღეს ანატორში ბავშვისჩონჩხიანი აკვანი აღარ არსებობსმაგრამ ხომ უნდა დარჩეს შთამომავლობისთვის ეს ადგილი?
– ანატორი დაწყევლილ ადგილად ითვლება და იქ ხევსური, სამწუხაროდ, აღარ დასახლდება. ვისურვებდი, ანატორი კულტურის ძეგლი გახდეს და დარჩეს, როგორც სულის სიმტკიცის ნიშა  არა მხოლოდ ხევსურებისთვის, მთლიანად საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ჩემი სოფელი მუდამ ჩემს შეუხებელ ოცნებად დარჩება.
– კორონის დროს ხშირად იხსენებენ ანატორს და გმირ ხევსურებს, რომლებიც ჩაიკეტნენ, რომ სხვასაც არ გადასდებოდათ… თუ ხედავთ პარალელს დღევანდელობასა და მაშინდელ ამბებს შორის?
– დიახ, მგონია, ანატორი გაცოცხლდა და ნეკნებამდე შევიგრძები, თუ როგორი გმირი წინაპრები მყავდნენ. თითქოს მათთან ერთად დავიმარხე და მზად ვარ, ისევ თავიდან დავიწყო სიცოცხლე.
–  როგორ მუშაობთ? წმინდა შემოქმედებით პროცესს ვგულისხმობ…
– ღიმილით…  ჩემს ნაქარგებს ვუღიმი, ვნერვიულობ, ვეფერები… სანამ ახალ რამეს მოვქარგავ, მიყვარდება. უკვე მტკივა მათი დაკარგვა… საოცარი გრძნობაა… თან მიხარია, თან სევდა მოაქვს.
– ნაქარგი „ხევსურეთი“ ზეზვა არაბულს აჩუქეთ ჯუთაში. მის კოშკში სხვა ნაქარგებიც გამოიფინება. ასევე ხევსურეთშიც შეინახავენ თქვენს ნაქარგებს და ყველას შეეძლება დათვალიერება… რა მოსწონთ თქვენს ნაქარგებში?
– ზეზვა არაბული შემთხვევით გავიცანი,  მისი ოჯახი და თვითონ ეს პიროვნება ძალიან შემიყვარდა. ამიტომ პირველი საჩუქარი მას ეკუთვნის. მის კოშკში დამთვალიერებელს შეეძლება ჩემი რამდენიმე ნაქარგის ნახვა.
ჩემს ნაქარგებს რამდენიმე ხევსურსაც ვაჩუქებ და ხევსურეთშიც იქნება ნამუშევრები.
ჩემს ნაქარგებში მოსწონთ ემოცია, როგორც რამდენიმე ჯგუფში დაიწერა, პირველად საქართველოში შემომაქვს ახალი მიმდინარეობა, თუმცა არც ვიცი, ამ მიმდინარეობას რა დავარქვა.
 პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას აპირებთ… კორონავირუსის ეპიდემია არ შეგიშლით ხელს?
– საქართველოში, თბილისში,  ივლისში ვაპირებ გამოფენას, როგორც კი პანდემია ჩაწყნარდება. ქართველ საზოგადოებას შეეძლება ჩემი ნაქარგების დათვალიერება. ველოდები გალერეებიდან შემოთავაზებებს.
– პარიზშიც მიგიწვიეს…
– პარიზში გამოფენა მექნება 15 აგვისტოს, ინტერნეტით ნახეს ჩემი ნაქარგები და მიმიწვიეს.
–  როგორ შეიქმნა  „ბერდედას შუაღამის მზესუმზირები“?
– ნაქარგი „ბერდედას შუაღამის მზესუმზირები“ ერთ-ერთი ფავორიტი გახდა დამთვალიერებლისთვის –  ბებიას მივუძღვენი, არაბულს.  ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ მე მისი სხვადასხვა ფერის  ცა ვიყავი,   და ასეთი ცა მაქვს მოქარგული. მზესუმზირები კი ბებიაჩემის გრადაციაა, რომელიც უყურებს ცას, ანუ ბებია მუდამ მე შემომცქერის.

„ბერდედას შუაღამის მზესუმზირები“

მინდა მას ვუთხრა, ყველა ნაქარგს შენ გიძღვი, ჩემო ბერდედავ, ჩემო არაბულო, ძლიერო ხევსურის ქალავ. ჩემს ულამაზეს სამყაროს კი ნაქარგებით მთელს მსოფლიოს ვანახებ…
– „ფერების დედოფალი ხევსურეთიდან“ – ასე დაგარქვეს. ფერების შერჩევაზე ალბათ წინასწარ არ ფიქრობთ…
– რამდენიმე მეგობარმა, მართლაც, ასე მომნათლა და გააზიარა ჩემი ნაქარგები. ამის შემდეგ ასე გამიცნო ძალიან ბევრმა შემოქმედმა.
წინასწარ არასოდეს ვიცი, რომელ ფერებს გამოვიყენებ. პროცესის დროს ვხვდები, რა ფერები დავქარგო.
– პროფესიით იურისტი ხართ. ლექციებს ატარებთ. ხომ არ გადაწონის ხელოვნება თქვენს ადრე არჩეულ პროფესიას?
– ამჟამად ჩემი პროფესია იურისტობაა, თუმცა ვფიქრობ, ლექციების წაკითხვას მალე ჩამოვეხსნები და მთლიანად შემოქმედებას მივუძღვნი ჩემს თავს.
– ალბათ ხელოვნება ოჯახშიც უყვარდათ და იქიდან დაიწყო სიყვარული…
–  ოჯახი ჩემთვის ყველაფერია.  ვფიქრობ, ადამიანი, ვინც მშობლებს არ სცემს პატივს და არ არის მადლიერი, ის  ყველაზე სვედიანია ამქვეყნად.
ხელოვნება ძალიან უყვარს ჩემს ოჯახს. ყველა რაღაცას საქმიანობს. ხევსურები, ასე მგონია, თვითონ ქმნიან ხელოვნებას.
– ჰობი…
– ჰობი ჯირითია. ჩემს ცხენს ლეგა ჰქვია და ძალიან მიყვარს, ასევე სნოუბორდი მიტაცებს და, საერთოდ, მიყვარს სიახლეები, მეშინია რუტინისა და ერთფეროვნების.
– „რუმსის“ სასტუმროები ჩემი ნაქარგებით გაფორმდებაო – დაწერეთ ფეისბუქზე.  ხევსურეთში სასტუმროს გახსნასაც გეგმავთ… როგორ გესახებათ ამ კუთხის აღორძინება?
–  „რუმსთან“ მქონდა მოლაპარაკება და შეიძენენ ჩემს ნაქარგებს.  პარიზში კი სხვა ნაქარგებს წავიღებ.
ხევსურეთს რაც შეხება, მე ჩემი პაპის პაპის პაპების მგონია მთები და ვერ დავუშვებ, ჩემი მიწა მოკვდეს.
ჩემს მთას, სადაც ვცხოვრობ, ბირნელი ჰქვია და იმდენად მოეწონათ ეს სახელი, რომ ინვესტიცია შემომთავაზეს, გეგმაში მაქვს სასტუმროს გახსნა.
– რას ეტყოდით კორონით შეშინებულ ადამიანებს? როგორ გაამხნევებთ?
– შიში არის ახალი შესაძლებლობა!  თუ რაიმე გულით გინდათ, მთელი სამყარო დაგეხმარებათ ამის ასრულებაში.
– შექმენით ჯგუფი „იზოლაციური ხელოვნება“… ალბათ, ძირითადად,  ხელოვანები არიან გაერთიანებულნი და ერთმანეთს უზიარებთ თქვენს შემოქმედებას…
– ჯგუფი „იზოლირებული ხელოვნება“ სპონტანურად შევქმენი და ჩემი მეგობრები შემომიერთდნენ, ძალიან მაგარი გუნდი ვართ, ჩვენი ჯგუფი ძალიან მალე გახდა პოპულარული.
გეგმაში გვქონდა, გაგვხნევებინა ახალბედა თუ უკვე შემდგარი ხელოვანები. გვაქვს იდეა, გავმართოთ გაერთიანებული გამოფენა პანდებიის შემდეგ და გამოვფინოთ კარანტინში შექმნილი ნიმუშები.

თამარ შაიშმელაშვილი

 




 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები