ზუგდიდში, ბეჭვაიების 14-სულიან ოჯახს გუბერნატორის მოადგილემ ფულადი თანხა, მერიამ კი სასურსათო მარაგი გადასცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა ზუგდიდში მცხოვრებ ბეჭვაიების 14-სულიან ოჯახს ხელფასიდან 500 ლარი აჩუქა. მათ ზუგდიდის მერიისგან დღეს სასურსათო მარაგიც მიიღეს.
“ამ პერიოდში სოციალურად დაუცველ არაერთ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება. მე გადავწყვიტე, ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11-შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათე ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს, ვისაც ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა.
ზუგდიდის მერია მრავალშვილიან ოჯახებისთვის სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს. ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ, ასევე, ჩართულნი არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში.
„COVID19″-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გააფართოვა სოციალური მიმართულება. უკვე 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობას. თითოეული მოქალაქე იგრძნობს ძალიან აქტიურ მხარდაჭერას”, – განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.