“ჩითილებზე მოთხოვნა გასამმაგდა” – როგორ დააბრუნა კორონავირუსმა ადამიანები სოფლის მეურნეობაში (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის დროს, მსოფლიოს ახალ სინამდვილეში უწევს ცხოვრება. გლობალური “უმოქმედობის” პირობებში, ადამიანები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების მარაგებიც. 
საქართველო გლობალურ  გამოწვევას – კორონავირუსის ეპიდემიას წარმატებით რომ ებრძვის, ამის შესახებ უკვე მრავალჯერ აღინიშნა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოური გამოცემებიც პერიოდულად წერენ, რომ პატარა ქვეყანამ, საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა და მთავრობის მიზანმიმართული ნაბიჯები ვირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა.
საქართველოს ​მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სოფლის მეურნეობის აღორძინებას და ამისათვის შესაბამისი სტრატეგიაც გაიწერა. ამის შესახებ “რეგიონულმა კვირამ” უკვე მოამზადა რამდენიმე სტატია, სადაც მოგიყევით იმ ადამიანებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ და მიზნების განსახორციელებლად სახელმწიფოსგან დახმარებით უკვე ისარგებლეს.

ამჯერად, “რეგიონული კვირა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში ჩიგოგიძეების ოჯახს ესტუმრა.
​ჩიგოგიძეები ჩითილების გამოყვანითა და მათი რეალიზაციით არიან დაკავებულები. მათი ოჯახი ამ საქმიანობას წლებია, მისდევს. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ჩითილებზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე გასამმაგებულია. 620 კვ.მეტრზე გაშენებული მათი სათბურები ბევრ მსურველს აკმაყოფილებს. ოჯახი ამაყობს, რომ მათი შრომის შედეგი ბევრი ადამიანის ბოსტნებსა და ნაკვეთებში გადაინაცვლებს ხოლმე. 

“ჩვენი ოჯახი 60 წლის მენერგე ოჯახია.  მესამე თაობა ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. კორონავირუსის ფონზე, შემიძლია ვთქვა, რომ ნერგებზე მოთხოვნა გასამმაგდა. თითქმის ვერ ავუდივარ მუშაობას, ძალიან ბევრი ხალხი მოდის. დამხმარეებიც მყავს, გაყიდვაში მეხმარებიან, მაგრამ მაინც რთულია.  ზოგჯერ 2-3 საათით უწევთ მსურველებს ლოდინი.
ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეული კულტურებია: პომიდორი, ბულგარული, წიწაკა.. ყველანაირი ბოსტნეული მაქვს, 12 ჯიშის პომიდორი გამომყავს”, – ამბობს ლია კალანდაძე.

ლია კალანდაძე იმ დახმარების შესახებაც გვესაუბრა, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღეს. როგორც აღნიშნავს, პროექტი “აწარმოე საქართველოში” მათ მეურნეობას ძალიან დაეხმარა.
“პროექტმა “აწარმოე საქართველოში” 15 000 ლარით დაგვაფინანსა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო. 2 პატარა სათბური გვქონდა და მათი დახმარებით გავაფართოვეთ, ჩვენი თანხებიც დავამატეთ. ახლა ჩვენი სათბურები 620 კვ.მეტრზეა. არცერთი კვადრატი  გვაქვს დაუმუშავებელი. ოჯახის ყველა წევრი ვართ ჩართული ამ საქმიანობაში.
ბევრი მეკითხება რჩევას, როგორ მოუარონ ნერგებს. ამ პერიოდში ქალაქებიდან ბევრი ადამიანი მოუბრუნდა მიწას. არიან ისეთებიც, ვინც პირველად ეხებიან ამ საქმეს. ყველას ვეხმარები და ვასწავლი, როგორ მოაშენონ ბოსტანი, როგორ ჰქონდეთ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეული სახლში. ბევრმა საერთოდ არაფერი  იცის ამ საქმიანობაში, ყველაფერს ნულიდან იწყებენ”, – ჰყვება კალანდაძე.

როგორ მიმდინარეობს გურიის მხარეში საგაზაფხულო სამუშაოები და რა დახმარებას მიიღებენ სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მოქალაქეები, ამის გასარკვევად “რეგიონული კვირა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ალეკო მამეშვილს ესაუბრა.

“ამ პერიოდში, ძირითადად, ერთწლიანი კულტურების მოყვანა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დაიწყება ჩაის წარმოების სამუშაოები. ჩვენ გავაკეთეთ ბოსტნეულის რამდენიმე საჩითილე მეურნეობა, ვიყავით მათთან, შევისწავლეთ მათი საქმიანობა. მოსახლეობას მივაწოდეთ ამ მეურნეობების შესახებ ინფორმაცია, მათ შეუძლიათ, შეღავათიან ფასად შეიძინონ სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები. ყველა სოფელში მოვიკითხეთ სახნავ-სათესი ტექნიკის მზაობა, ყველგან გამართულია. ადამიანებს შეუძლიათ, დაამუშაონ თავიანთი ნაკვეთები.
რაც შეეხება სხვა დახმარებებს – რამდენიმე დღის წინ დაანონსდა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ფინანსურად დაეხმარებიან სოფლის მეურნეობას. ეს პროგრამები ეხება როგორც ერთწლიან კულტურებს, ასევე, მრავალწლიანსაც, მესაქონლეობას, რძისა და ხორცის წარმოებას, ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდებას. იქნება როგორც საგრანტო პროგრამები, ასევე, შეღავათიანი აგროსესხები. ეს პროგრამები რამდენიმე დღეში დაიწყება”, – განაცხადა ალეკო მამეშვილმა.

ალეკო მამეშვილმა ჩვენთან საუბრისას უკვე განხორციელებული და წარმატებით დანერგილ პროგრამებზეც ისაუბრა. საუბარია სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელშია.
“ამ ნაკვეთებზე ჩვენ ვაწოდებთ წარმოების საშუალებებს, შესაწამლ პრეპარატებს, სადაც ფერმერები თვითონ აწყობენ წამლობებს. მასობრივად გვინდოდა, წელს გაგვეყვანა ამ ნაკვეთებზე ფერმერები, მაგრამ შეზღუდვებმა შეგვიშალა ხელი, რაც ამ პერიოდშია. მსგავსი აქტივობა შარშან დავიწყეთ, როცა მხოლოდ თხილის სადემონსტრაციო ნაკვეთი გვქონდა მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, კარგი შედეგი მივიღეთ. წელს სოფლების რაოდენობაც გავზარდეთ და პროდუქტებიც გავამრავალფეროვნეთ“, – ამბობს მამეშვილი.

შეგახსენებთ, იმისათვის, რომ მთავრობის დახმარებით ისარგებლოთ, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.

პირველ ყოვლისა, აუცილებელია, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ჰქონდეს 2018 წლის 26 მაისამდე, აღებული ჰქონდეს იჯარით ან მინდობილობით. თუ პირი ამ კრიტერიუმებიდან რომელიმეს აკმაყოფილებს, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ერთგვარი გზამკვლევი იქნება, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფოსგან სრული დახმარება მიიღოს.

1. მოქალაქემ უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას, სადაც სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს პროექტში ჩართვის შესახებ და მოქალაქეს განცხადების დაწერაში დაეხმარონ;

2. ამის შემდეგ, პირი მიდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ სააგენტოში განცხადების შესატანად, აქვე გაივლის ტრენინგებს, თუ როგორ მოუაროს მოსავალს და როგორ შეძლოს შემდგომში მისი რეალიზება;

3. ამის პარალელურად, მოქალაქე გადის იურიდიულ პროცედურებს, რომლებშიც, ასევე, ეხმარება ადგილობრივი მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, პროცედურები გამარტივებულია;

4. ამის შემდეგ ხდება გრანტის დამტკიცება, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე, სრულად ფინანსდება ნერგების, საჭირო ინვენტარისა და სარწყავი სისტემის ხარჯები.

ერთადერთი, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს, მიწის დამუშავებაა. მიწის დამუშავება კი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საკმაოდ შეღავათიან ფასებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, აჭარის რეგიონში ტექნიკით მომსახურება უსასყიდლოდ ხორციელდება.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები