დონალდ ტრამპი: ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებში დავმარცხდე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ქმედება იმის დასტურია, რომ პეკინი ყველაფერს გააკეთებს, რათა მან ნოემბრის არჩევნებზე წააგოს.
Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ, ვირუსის შედეგებთან დაკავშირებით, ჩინეთის მიმართებით სხვადასხვა გეგმას განიხილავს.
“ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვცდილობთ, დავადგინოთ, რა მოხდა. ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებზე წავაგო”, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ჩინეთს სურს, რომ ნოემბრის არჩევნებზე გამარჯვება დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა მოიპოვოს, რომ შემდგომ ჩინეთზე ის ზეწოლა შეასუსტოს, რომელსაც ტრამპი სავაჭრო და სხვა საკითხების მხრივ ახდენს.
ტრამპი გლობალურ პანდემიაზე პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებს. აშშ-ში ვირუსმა უკვე 60 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა, ქვეყანა ღრმა რეცესიაში ჩააგდო და ტრამპის მეორე ვადით არჩევის შანსები შეამცირა.