არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე განახლდება

„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, განვაახლებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ საარჩევნო კოდექსზე, ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და დამატებითი სხდომების დანიშვნაც რომ დაგვჭირდეს ამისთვის – მზად ვართ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ 19-სა და ამ კონტექსტში, პოლიტიკურ კალენდარზე საუბრისას „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ონლაინრეჟიმში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებსაც.

„ჩვენ ძალიან მკაფიო ამოცანა გვაქვს, რომ არჩევნები ჩავატაროთ კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში, და არა მხოლოდ ჩავატაროთ, არამედ, ის რეფორმებიც წინსწრებით განვახორციელოთ, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს გახდის უფრო კონკურენტულს, უფრო სამართლიანს. გვსურს, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეუთოს რეკომენდაციები, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაცემული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, არის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაცია, რომელთა პირდაპირი სახით გათვალისწინებაც, შესაძლოა ვერ მოხერხდეს, თუმცა ამაზე ყველა თანხმდება, – პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააკონკრეტა, რომ არსებითი რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიის დაფინანსებას, მედიას, არჩევნების დღეს, უბნების ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

„ოპოზიციაც ხედავს, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ მივდივართ მაქსიმალური კონსენსუსით. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები და როგორც პოლიტიკურ პარტიას, „ქართულ ოცნებას” გვაქვს მიზანი, რომ მოვიპოვოთ უპირატესობა და გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და ვენდობით ჩვენს საზოგადოებას – არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, რასაკვირველია, ეს უპირობოდ იქნება მისაღები, ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა!” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები