რუსთავის მერიამ პირველი ხელოვნური ინტელექტი – “საჯარო მოხელე, ჩატბოტი” აამუშავა

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის – ჩატბოტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსთავის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერიის ჩატბოტი – საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი- საჯარო მოხელეა, რომელიც მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების შესახებ კომპეტენტურ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად, მაქსიმალურად  სწრაფად მიაწვდის.  რუსთავის მერიის ჩატბოტის სახელია- “სი ბოტი- Ci Bot“.

ფეისბუქმესენჯერის საშუალებით სი-ბოტს   შეუძლია, მოქალაქეებს ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით მიაწოდოს, ესენია: საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისი, სამხედრო გაწვევა, მუნიციპალურ ქონებასა და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული, ზედამხედველობის და სხვა საკითხები. სი ბოტი ფლობს და გასცემს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას კორონა ვისურის შესახებაც. ჩატ ბოტი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელ facebook-ზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან მესენჯერის საშუალებით დაიწყოს მიმოწერა.

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხდო ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, გაეროს განვითარების ფონდს, ინოვაციების ჰაბს და რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს. მოხარული ვარ, რომ პირველად ასეთი პროექტი, საჯარო სამსახურების სივრცეში, რუსთავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. რუსთავის მერიის ჩატბოტი,  მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური სერვისის გაწევას ემსახურება და მაქსიმალურად ამცირებს ბიუროკრატიულ ბერკეტს.  პროექტი   გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, მუნიციპალიტეტი მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით იყო ჩართული”, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ  ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩატბოტის შექმნის იდეა 2018 წელს გაჩნდა. ამავე პერიოდში შეიქმნა რუსთავის მერიაში ინოვაციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციის სახით-,,რუსთავის ინოვაციების ჰაბად“ ჩამოყალიბდა. სი ბოტი  პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები