რუსუდან თევზაძე: სამარცხვინო და წარმოუდგენელია ის თავხედობა და უტიფრობა რასაც რიგი ოპოზიციური სპექტრისა ამჟღავნებს

“დღეს, ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბატონმა დავით ბერძენიშვილმა ბევრი „რჩევა“ თუ „რეკომენდაცია“ მისცა მთავრობას და ბოლოს, ბატონ ბიძინას მხდალი ხელისუფალი უწოდა. საინტერესოა ბატონი ბერძენიშვილის გადასახედიდან, რა არის სიმხდალე? ის რომ, მრავალი წელი, თავად სრულიად უპრინციპო და ცინიზმით სავსე ნარატივით ინაცვლებს ეთერიდან ეთერში, თუ ეთერს მიღმა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმით დაკავებული ხელისუფალი?”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.

მისივე თქმით,  სამარცხვინოა ის თავხედობა, რასაც რიგი ოპოზიციური სპექტრი ამჟღავნებს.

“საქართველოს ექიმების მიმართ მათი ნარატივი და კომენტარები კვლავ ბრალდებებითაა სავსე და შეტევით ხასიათს ატარებს.
ამ ბოლო ხანს, მათგან ბევრი გვსმენია, რომ „კორონას“ და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, სახელმწიფო საკუთარი საარჩევნო პოლიტიკის სასარგებლოდ იყენებს, მე პირიქით ვიტყოდი! კიდევ კარგი, თორემ, საინტერესოა რა არსებით თემაზე გააჩაღებდნენ ასე ხმალამოღებულ დავას და გაშმაგებულ ჩხუბს.
თეთრზე შავად ჩანს, თუ ვინ სად, როგორ და რისთვის იყენებს სახელმწიფოში და მსოფლიოში შექმნილ ურთულეს პრობლემას.
აბსოლიტურად გულწრფელია და ობიექტური ჩემი კეთილგანწყობა მთავრობის მიმართ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუნდაც პირადად მე, როგორც განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადამიანს არ გამაჩნია ჩემი სუბიექტური მოსაზრება რიგ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ცხადია, პოლიტიკური მოტივის მიღმა არსებული ჯანსაღი რეკომენდაცია მისაღებია, თუმცა სხვა შემთხვევაში ის ძალიან ამორალურ სახეს იძენს.
სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ვერცერთი პოლიტიკური ფიგურისგან ვერ მოვისმინე მორალზე დაფუძნებული და ობიექტური კომპონენტებით სავსე კრიტიკა. მათი ჰორიზონტის ხაზი, მხოლოდ და მხოლოდ გადის ბიძინა ივანიშვილზე და მის შეურაცხყოფაზე, ესაა მათი ამოსავალი ნებისმიერი საკითხის „განხილვისას”, – აღნიშნავს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები