თენგიზ ცერცვაძე: “პლაქვენილი” უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს
“პლაქვენილი” უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრაზე ამ ბოლო დროს პოპულარულ მედიკამენტზე, „პლაქვენილზე“ იყო საუბარი, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის და რჩება ოფიციალურად. ოღონდ რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას. ამ ორგანიზაციის შემოკლებული აბრევიატურაა FDA და ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და ფაქტობრივად უმაღლესი ინსტანცია, რომელიც წყვეტს რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების დროს უნდა იქნას გამოყენებული ან არ უნდა იქნას. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად მიჩნეულ „რემდესივირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა კვლევებში. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ სანამ FDA ოფიციალურად თვლის, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი დაიდება რამე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას სჯობს, ჩვენ ამას გამოვეხმაურებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.