მამუკა მდინარაძე: არასწორი ინტერპრეტაციებია, ამბობენ, დავაწესეთ ექვსწლიანი (და არა – 6 წლამდე) პატიმრობა საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დამახინჯებული ინტერპრეტაციები და კრიტიკაა გუშინ მიღებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში პირს 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი თქმით, ცვლილება კანონმდებლობაში საქართველოს სახელმწიფო, მოქალაქეთა ჯანმთელობისა და სიცოცხლის დაცვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარეობს.

რამდენიმე ტრადიციულად კრიტიკული ადამიანის პოსტი და კომენტარი მომხვდა თვალში, სადაც ისინი აკრიტიკებენ ჩვენ მიერ გუშინ მიღებულ ცვლილებას და ამბობენ, რომ ჩვენ დავაწესეთ ექვსწლიანი (და არა – 6 წლამდე) პატიმრობა საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის. არ ახსენებენ პრეზიდენტის დეკრეტზე მითითებას ამ მუხლში, დღეს მოქმედ სამ წლამდე სანქციას და ა. შ. არცერთი რეალური განმარტება, მხოლოდ დამახინჯებული ინტერპრეტაციები.

აქ სულ ორი ვარიანტია – საქმე გვაქვს ღრმა არაპროფესიონალიზმთან ან ხალხის შეგნებულად მოტყუებასთან.

რადგან, ახალი ცვლილებით:

✅ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა ისჯება 6 წლამდე (და არა 6 წლით!) თავისუფლების აღკვეთით, რაც ნიშნავს ექვსი თვიდან ექვს წლამდე სასჯელს.

✅ 359 პრიმა მუხლის სანქციაში ასევე წერია – “თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი”. შესაბამისად,

დღეს პრეზიდენტის დეკრეტით ამ ქმედებისათვის დადგენილია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს, დაჯარიმებული პირი ისევ დაარღვევს საგანგებო რეჟიმის წესებს, მას ემუქრება ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობა.

✅ აქამდე ასეთი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არსებობდა და მასზე, როგორც დანაშაულზე, პირველი ჩანაწერი პრეზიდენტის დეკრეტში გაჩნდა ერთი თვის წინ. ჩვენ გუშინ ის სისხლის სამართლის კოდექსშიც ავსახეთ.

ზოგადად, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს იმიტომაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული, განსაკუთრებული და არაორდინალური რეგულაციები, რომ, გარდა სწრაფი გადაწყვეტილებების სასიცოცხლო მნიშვნელობისა, აუცილებელი ხდება ისეთი მოქმედებების სწრაფი და მკაცრი პრევენცია, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში შეიძლება მარტივ გადაცდომადაც კი არ ითვლებოდეს, არა თუ დანაშაულად.

საგანგებო მდგომარეობის დროს ბევრი ისეთი ქმედება შეიძლება, ჩაიდინოს ადამიანმა, რომელმაც უდიდესი რისკის ქვეშ დააყენოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ა. შ. მოქმედებამ, რომელიც აბსოლუტურად უწყინარ ხასიათს ატარებს ჩვეულებრივ სიტუაციაში, შეიძლება კატასტროფული მაშტაბის ზიანი მოიტანოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

მარტივია თეორიული თუ პრაქტიკული მაგალითების დასახელება, რომელთა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ჩადენის შემთხვევაში სანქცია – ექვს წლამდე პატიმრობა ძალიან მსუბუქ სასჯელადაც კი იქნას მიჩნეული ქმედების უკიდურესად მძიმე შედეგებიდან გამომდინარე.

ცვლილება კანონმდებლობაში საქართველოს სახელმწიფო, მოქალაქეთა ჯანმთელობისა და სიცოცხლის დაცვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარეობს”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები