ამირან სალუქვაძე: მარნეულის აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ, ეპიდემიის აფეთქებას

“მარნეულის გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ, ეპიდემიის აფეთქებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს.

სალუქვაძე გუშინ მარნეულში გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, მარნეულის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება წაახალისებს შემდგომ ქაოსს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც პოლიტიკურ სტაბილურობას, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი სახეზეა.

„მთავრობას მივმართავ: კანონი ყველასათვის კანონია.
მე მესმის, როცა მოსახლეობის მოთხოვნები ან პროტესტის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ 5-6 სოფელში ერთდროულად პროტესტის დაწყება, შემდეგ მათი წარმართვა ერთი გეოგრაფიული წერტილისკენ, ერთიანი მიზნით თავისით არ ხდება.
მარნეულის გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს ერთი მხრივ ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ ეპიდემიის აფეთქებას.
ეს ყველაფერი ხდება საინფორმაციო ომის ფონზე, რომლის ერთ-ერთი თემაა კორონავირუსის არსებობის კითხვის ქვეშ დაყენება. რატომღაც ეს ომი, მეტწილად, რუსელ ენაზეა. აქაურმა მხარდამჭერებმა უკვე მარნეულის თემაც მიაბეს.
მარნეულის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება წაახალისებს შემდგომ ქაოსს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რიგორც პოლიტიკურ სტაბულილურობას, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი სახეზეა.
ამავე დროს, უნდა გაარკვიოთ და მოიკვლიოთ ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები. მაგალითად, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გუშინ მწვანილი არ იყო. რატომ?
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თუ ბევრი გაკეთდა ამ თვეებში, ადგილობრივი ხელისუფლებები, რიგორც ჩანს, მოიკოჭლებენ.
გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციაზე ზრუნვა. ამ საკითხში გუბერნიებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ. ვისაც არ შესწევს უნარი საგანგებო სიტუაციებისას თავი გაართვან ასეთ გამოწვევებს, აკონტროლონ სიტუაცია, მართონ პროცესები (ყველაფერს კაბინეტიდან ვერ დაინახავ, წინა ხაზზეც უნდა გახვიდე) სასწრაფო ზომებია მისაღები“, – წერს სალუქვაძე „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მოსახლეობამ საავტომობილო გზა გუშინ გადაკეტა. ადგილობრივები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების უფლების მიღება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები