კატინის ტრაგედია – დღეს რუსები დახვრეტილი პოლონელების ძვლებზე მხიარულ შეკრებებს მართავენ

პოლიციელების სამკერდე ნიშნები, ღილები, ნეკნები, მუნდშტუკები, პორტსიგარები, ძვლები, მუნდირების ნაგლეჯები, წერილები, გაზეთების ნაგლეჯები, კიდევ ძვლები, ჩექმები, მონეტები, საყვარელი ადამიანების ფოტოსურათები და გასაღები…სახლის გასაღები… რატომ სახლის გასაღები? ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანებს, ვისაც ეს გასაღები ეკუთვნოდათ, ეგონათ, რომ ოდესმე თავიანთ ტკბილ სახლებს დაუბრუნდებოდნენ და კარებს გააღებდნენ….თუმცა ეს ადამიანები სახლებში ვეღარასოდეს დაბრუნდნენ, მათი ძვლები და ნივთები კი 90-იანების ბოლოს რუსეთის ტერიტორიაზე, კალინინის ოლქში, სოფელ მედნოესთან გათხრების დროს იპოვეს. ეს ერთ-ერთია იმ  ადგილებს შორის, სადაც საბჭოელებმა 1940 წელს  без суда и следствия, კეფაში გასროლით დახვრეტილი ათასობით პოლონელი დამარხეს. მედნოეც „კატინის სასაკლაოს“ ნაწილად ითვლება.

„კატინის სასაკლაო“  კრებითი ტერმინია, რომელიც  საბჭოთა კავშირის ხელმძღვანლების მიერ 1940 წლის აპრილ-მაისში პოლონეთის 22 ათასზე მეტი  მოქალაქის დახვრეტას გულისხმობს. ამ დახვრეტას საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება უძღოდა წინ. იმ დროისთვის 14500 პოლონელი ტყვე სამ ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. ასევე, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე,  უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთ მხარეებში მდებარე ციხეებში მყოფი  7305 ტყვე დახვრიტეს.

დღეს კატინი არ არის უბრალოდ სმოლენსკის მახლობლად მდებარე ადგილი. ეს არის  სტალინიზმის ეპოქის დანაშაულებების სიმბოლური სახე, რომელსაც გეოგრაფია არ გააჩნია. როდესაც ამბობენ – „პოლონელ სამხედრო ტყვეთა დახვრეტა“, ეს არ არის სწორი. დახვრეტა გულისხმობს, რომ ეს რაღაც აქტია, რომელიც  ამა თუ იმ კანონით ან ფორმალობებითაა გათვალისწინებული, რომელსაც სასამართლო განაჩენი ან ტრიბუნალი ახლავს. ამ მხრივ, პოლონელ ტყვეებს არ ხვრეტდნენ – ხოცავდნენ, ყველას ცალ-ცალკე. პისტოლეტიდან.გასროლით კეფაში. ეს ყველაფერი კი მას მერე მოხდა, რაც 1939 წლის გერმანია-პოლონეთის ომის დროს წითელი არმია პოლონეთს აღმოსავლეთიდან ომის გამოცხადების გარეშე დაესხა თავს და ტყვედ 240 000-250 000 პოლონელი ჯარისკაცი აიყვანა. დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყო იმ ადამიანების მასობრივი დაპატიმრება, რომლებსაც შესაძლოა, ამ მიწების გასაბჭოებისთვის ხელი შეეშალათ. მათი დიდი ნაწილი იმ დროს ჯერ კიდევ თავის მეგობარ ნაცისტებს გადასცეს, ნაწილი კი ასე, ჩუმად დახვრიტეს. საკმაო რაოდენობა გააციმბირეს. სხვათა შორის, რამდენიმე წლის მერე, როცა სიმართლე გაირკვა, პოლონეთის დევნილმა ხელისუფლებამ სტალინს ტყვეთა შესახებ სიმართლის თქმა მოსთხოვა, თუმცა მან უთხრა, რომ ისინი მანჩჟურიაში გაიქცნენ და მათი ბედი უცნობია…

1940 წლის 5 მარტს ლავრენტი ბერიამ პოლონელ ტყვეებს საბჭოთა ხელისუფლების „გამოუსწორებელი მტრები“ უწოდა და პოლიტბიურომ მათი დახვრეტა უბრძანა. შესაბამისი ხელნაწერი დოკუმენტი გორბაჩოვის დროს რუსეთის სამხედრო პროკურატურამ გაასაჯაროვა.

კოზელის ტყვეთა ბანაკის 4415 ტყვე სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყესა და სმოლენსკის შინაგან ციხეში დახვრიტეს.

სტარობელსკის ბანაკის 3800 ტყვე ხარკოვის შინაგან ციხეში დახვრიტეს და სოფელ პიატიხატკასთან დამარხეს.

ოსტაშკოვსკის ბანაკის 6295 ტყვე კალინინის შინაგან ციხეში დახვრიტეს და სოფელ მედნოესთან დამარხეს.

უკრაინის ციხეებში მყოფი 3435 ტყვეს შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათი სამარხები კიევის მახლობლად არის, ბელორუსში დახვრეტილი 3870 ადამიანის ვინაობები უცნობია.

ტყვეთა შორის იყვნენ როგორც პოლონური არმიის ოფიცრები, ისევე – დაბალი რანგის სამხედროები, პოლიციელები, ციხეების თანამშრომლები, ჟანდარმები, მესაზღვრეები, ჩინოვნიკები, მოსამართლეები, „პომეშიკები“, საქმოსნები, პოლიტიკური პარტიების წევრები….და სხვები…და სხვები…მათ შორის იყვნენ ის ქართველი სამხედროებიც, რომლებიც საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პოლონურ ჯარში მსახურობდნენ. ბუნებრივია, მათი სიმამაცის, თავდადებისა და განსაკუთრებულობის შესახებ ცალკე ვრცელი ნარკვევის მომზადებაა აუცილებელი.

 მედნოე-ადგილი, სადაც 6295 ტყვე დამარხეს

მედნოეს მემორიალის  დირექტორის ყოფილი მოადგილე, ელენა ობრაზცოვა ამბობს: „ოპერაციის დასაგეგმად ერთი თვე იყო გამოყოფილი. ოსტაშკოვოდან ექვსი ათასზე მეტი ადამიანის ჩამოყვანა იყო საჭირო. ისინი პარტიებად ჩამოყავდათ, ვაგონებს სადღაც მიყუჟულ ადგილებში აჩერებდნენ, რომ ადგილობრივებს ტყვე პოლონელები არ ენახათ. გზა ერთი დღე-ღამე გრძელდებოდა. პირველი კონვოი-343 ადამიანი კალინინში 5 აპრილს ჩამოიყვანეს. მაგრამ პირველი დახვრეტების შემდეგ კიდევ ორი ღამე გავიდა. ამდენი მოკლულის დამარხვა იოლი საქმე არ იყო. ამის შემდეგ უკვე მოყავდათ 200-კაციანი პარტიები. ბოლო კონვოი კალინინში 21 მაისს ჩამოვიდა“.

2000 წელს მედნოეში არსებული სამარხების ტერიტორიაზე რუსულ-პოლონური მემორიალი გაიხსნა. მოკლული პოლონელების  ძვლებზე აღმართული მემორიალის კედელზე მათმა თანამემამულეებმა-სახელები და გვარები ამოტვიფრეს. 6295 ადამიანის. ყოველი მათგანის ვინაობა დოკუმენტურად გახდა ცნობილი. მედნოეს მემორიალური კომპლექსის საერთო ფართობი 15,6 ჰექტარია, რომლის ყოველი სანტიმეტრი პოლონეთმა დაღუპულების ძეგლად გადააქცია. ყოველ აღმოჩენილ საერთო სამარხზე დგას მუხის ჯვარი, რომელიც ზეცას შეჰყურებს. პოლონელები ყოველი წლის აპრილში რუსეთში  ჩადიან  და თანამემამულეების ხსოვნას პატივს მიაგებენ ისევე, როგორც – კატინის ტყეში…

პოლონელმა ტყვეებმა არ იცოდნენ, სად მიჰყავდათ. ეგონათ, სახლებში აბრუნებდნენ. ოსტაშკოვსკის ბანაკის კომისარი, უფროსი პოლიტხელმძღვანელი იურასოვი პოლკის კომისარ ნეხოროშევს (რა სიმბოლური გვარია) შემდეგს ატყობინებდა: „ სამხედრო ტყვეების განწყობა კვლავ კარგია, მხნედ არიან, ბანაკის დატოვების დიდი სურვილი აქვთ, ფიზიკურად არცთუ ისე ჯანმრთელები ცდილობენ, მოგვაჩვენონ, რომ ჯანმრთელად არიან და არ უნდა ბანაკში დარჩენა.  ვინც რჩება, წამსვლელების შურთ, თუმცა არ იციან, სად მიყავთ. აქვთ გარკვეული ვარაუდი ( როგორც ზოგი ამბობს), რომ თუ კი სამუშაოდ მიჰყავთ, მაშინ რატომ ეხება ეს არცთუ ისე ჯანმრთელებსაც. გამგზავრება მშვიდ ვითარებაში მიდის, ორგანიზებულად და არანაირი პრობლემა  არსებობს”.

მემორიალის რუსულ მხარეს-13,8 ჰექტარზე დიდი სამუზეუმო-საგანმანათლებლო კომპლექსის აშენება იგეგმებოდა. 1990-იან წლებში. როგორც  Новая Газета წერს, დღეს აქ მხოლოდ ერთსართულიანი პატარა ნაგებობაა, რომლის აშენება მემორიალის ძველმა დირექტორმა თავისი სახსრებით მოახერხა და რის გამოც ის საბოლოო დაიჭირეს კიდეც… ასევე, ტერიტორიაზე, სადაც 6 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, ერთი დიდი მდელოცაა. იქ რუსულმა მხარემ ახლახან მოაწყო ტირი. ეს არის სასროლეთი, რომელიც მემორიალის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ ახალგაზრდებთან პატრიოტული მუშაობისთვის გამოყო. ახლა დახვრეტილი პოლონელების ძვლების სიახლოვეს არის ადგილი, სადაც რუს ბავშვებს სროლას ასწავლიან. ამის შესახებ  Новая Газета-ს  სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია  – Витязь-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ივანოვმა სიამაყით უამბო. „ბავშვების ჩამოსაყვანად ზუსტად შესაბამისი ადგილია,  ზაფხულში აქ სამხედრო შეკრებებს ვაწყობთ.“ კითხვაზე-„ბავშვებს პატრიოტიზმს რეპრესიების მსხვერპლთა მაგალითზე ასწავლით?“, მან უპასუხა, რომ ის პოლონელები ხალხის მტრები იყვნენ და სწორია, რომ დახვრიტეს-„ეს იყო კლასობრივი ბრძოლა ხალხთან, რომლებიც ნათელი მომავლის აშენებაში ხელს უშლიდნენ. კლასობრივად უცხონი იყვნენ.“ ასევე, ამ ადგილას რუსულ ტრადიციულ  Масленица-ს აღნიშნავენ ხოლმე. ტურისტული ფირმები სახალხო гуляния-ში მონაწილეობის მსურველებისთვის ბილეთებს ყიდიან. ასე, მარტივად ერთობიან შეწირულების ძვლებზე. თან ბავშვებს რუსულ სახალხო ტრადიციებს აცნობენ. პირდაპირ ზედ სამარხებზე აცნობენ.

 ტყუილი გუშინ და დღეს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 2010 წელს ოფიციალურად აღიარა, რომ პოლონელებს დახვრეტა სტალინისა და  საბჭოთა სხვა მაღალი თანამდებობის პირების პირდაპირი დავალებით განხორციელდა. იმავე წელს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო სტალინის შურისძიება პოლონელების მიერ საბჭოთა ჯარისკაცების მკვლელობის გამო. მისი თქმით, ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ბერიასა და სხვების კისერზეა და არა – რუს ხალხზე. ამ და სხვა ოფიციალური აღიარებების მიუხედავად, დღემდე რუსეთის დეზინფორმაციული მანქანა-„ტროლები“, ისტორიკოსების ნაწილი, ბლოგერები თუ სხვები კვლავ ჯიუტად ამტკიცებენ, იღებენ ვიდეოებს, აკეთებენ გადაცემებს, ავრცელებენ თავხედურ ნარკვევებს იმის შესახებ, რომ კატინის ტრაგედია ნაცისტების კისერზეა, საბჭოთა კავშირი კი არაფერ შუაშია, 20 ათასი კაცი სტალინსა და ბერიას არ დაუხვრიტავს. არა და, რუსეთმა პოლონეთს 1 მილიონზე  მეტი დოკუმენტი გადასცა. ამას გარდა, მთლიანობაში:

1990 წლის 13 აპრილს პრეზიდენტმა გორბაჩოვმა პოლონეთის პრეზიდენტ იარუზელსკის საბჭოთა კავშირის „ნკვდ“-ს მასალების ასლები საჯაროდ გადასცა. მათში ტყვეთა ბანაკებში მყოფი პოლონელების სიები, გვარები იყო მოცემული.

1990 წლის 14 აპრილს ТАСС-ის განცხადება გამოქვეყნდა: გამოვლენილი საარქივო მასალები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს უშუალო პასუხისმგებლობაზე კატინის ტყეში ჩადენილი დანაშაულისთვის ბერიას, მერკულოვისა და მათი თანამზრახველების მიერ. საბჭოთა მხარე უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს კატინის ტრაგედიასთან მიმართებით და აცხადებს, რომ ის წარმოადგენს სტალინიზმის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს“.

1990 წელსვე საბჭოთა კავშირის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ კატინის დახვრეტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ქალაქ ვლადიმერში მნიშვნელოვანი მოწმეც იპოვეს. კაგებე-ს გენერალ-მაიორი, დიმიტრი ტოკარევი 88 წლის იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დეტალი ახსოვდა. იუთუბ-ზე მისი ოფიციალური ჩვენების ჩანაწერის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იმ ლწებში ის კალინინის ოლქის სახალხო კომისარიატის უფროსი იყო. 2 საათიან ჩვენებაში ის ბევრ უმძიმეს დეტალს იხსენებს, მათ შორის იმასაც, რომ პოლონელების დახვრეტას მოსკოვიდან ჩამოსული ხალხი ხელმძღვანელობდა, ამტკიცებს, რომ თავად მონაწილეობა არ მიუღია, რადგან არ შეეძლო. სწორედ ტოკარევის ჩვენების მიხედვით მოხდა მედნოეს სამარხების აღმოჩენა. მისი თქმით, უშუალო შემსრულებლების ნაწილმა წლების მერე თავი მოიკლა, ერთ-ერთი კი ფსიქიურად შეიშალა.

1993 წელს უკვე რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დოკუმენტების ასლები საიდუმლო „ნომერ 1 პაკეტიდან“ გადასცეს პოლონეთს, შემდეგ კი გამოაქვეყნეს ჟურნალში „ისტორიის საკითხები“

2004 წელს მთავარმა სამხედრო პროკუტურამ გამოძიება დახურა-„დამნაშავეთა გარდაცვალებიდან გამომდინარე.“ გამოძიების დახურვის შემდეგ, დაიწყო ამ თემის ნიველირებაც და ისევ მიჩუმათებაც.

2010 წლის 28 აპრილს რუსარქივმა თავის ვებგვერდზე ღიად გამოაქვეყნა დოკუმენტები „ნომერ 1 პაკეტიდან“-საიტს პირველივე დღეს 2 მილიონი ადამიანი ესტუმრა, მან დატვირთვას ვერ გაუძლო. პრეზიდენტმა მედვედევმა მაშინ თქვა-„ყველამ ნახოს, რა გაკეთდა მაშინ, გადაწყვეტილებებს ვინ იღებდა, ვინ გასცემდა ბრძანებებს პოლონელი ოფიცრების დახვრეტის თაობაზე. იქ ყველაფერი წერია. ყველგან არის ხელმოწერები. ყველას ვინაობა ცნობილია“.

 

2010 წლის აპრილს პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი მეუღლესა და მთავრობის წევრებთან ერთად კატინში მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავი სმოლენსკის მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი 10 აპრილს კატინში სამგლოვიარო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა. მას მომზადებული ჰქონდა სიტყვა, რომლის ერთი ნაწილი ასეთია-„პოლონელი ოფიცრები, სასულიერო პირები, მოხელეები, პოლიციელები, მესაზღვრეები, ციხეების თანამშრომლები გაანადგურეს სასამართლოების და განაჩენების გარეშე. ისინი გამოუცხადებელი ომის მსხვერპლნი გახდნენ. მათი მკვლელობა მოხდა ცივილიზებული მსოფლიოს უფლებების და კონვენციების უგულვებელყოფით. მათი, როგორც სამხედრო პირების, პოლონელებისა და ადამიანების ღირსება იყო გათელილი. სიკვდილის ორმოებს სამუდამოდ უნდა დაეფარა მოკლულების ცხედრები და დანაშაულის შესახებ სიმართლე. მსოფლიოს ამის შესახებ არასოდეს  უნდა გაეგო. მსხვერპლთა ოჯახებს წაართვეს საჯარო გლოვის უფლება, რომ ეტირათ და ღირსეულად მიეგოთ პატივი მათთვის. მიწამ დანაშაულის კვალი დაფარა, სიცრუეს კი ის ადამიანების მეხსიერებიდან უნდა წაეშალა.“ კაჩინსკიმ ეს სიტყვები 2010 წლის 10 აპრილს ვერ წარმოთქვა, ის დაიღუპა. მაგრამ, ამ სიტყვების გარეშეც, იმ რუსმა პატრიოტებმაც, რომლებიც ახლა ძვლებზე შვილებს სროლას ასწავლიან, იმ რუსმა „ტროლებმაც“ სინამდვილეში უნდა იცოდნენ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს.

ბეგლარ აბაშიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები