ახალციხეში კლინიკა “იმედიდან” თანამშრომლების გათავისუფლებას ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ
ახალციხეში ე.წ ცხელების ცენტრის გახსნის შედეგად, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კლინიკა “იმედის” ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
როგორც „იმედის“ მენეჯერი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, კლინიკა ცხელების ცენტრად 17 აპრილს გადაკეთდა. პაციენტებს კი ორი დღეა იღებს.
კლინიკის ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ თანამშრომლები. მათი თქმით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და ცვლილებებს მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.
“ცხელების ცენტრად რომ უნდა გადაკეთებულიყო დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიგეთ. მაშინ დაიწყეს ლაპარაკი, რომ თანამშრომლებს გაგვიშვებდნენ კლინიკიდან. როგორია ამ პერიოდში უმუშევრად დარჩენა? ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ხალხი ისედაც 170 ლარზე ვმუშაობდით და ახლა ესეც აღარ გვაქვს. წყალში ჩაგვეყარა წლების გამოცდილება“,- გვიყვება კლინიკა „იმედის“ ერთ-ერთი თანამშრომელი.
ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკა „იმედმა“ ცხელების ცენტრის გადაკეთების შემდეგ ათეულობით თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა, მენეჯერი უარყოფს.
მზია კაკოშვილის თქმით, საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და საეჭვო პაციენტებს იღებს.
“ორი დღეა რაც მუშაობა დავიწყეთ, როგორც ცხელების ცენტრი. საეჭვო პაციენტებიც გვყავს. ცენტრად გადაკეთება კლინიკის ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა, მთავრობამ გამოსცა დადგენილება და მივიღეთ კანონი, რასაც დავემორჩილეთ. ცხელების ცენტრს რამდენი თანამშრომელი მოემსახურება. ჯერ სრული შემადგენლობით ვმუშაობთ და რა იქნება მომავალში ვნახოთ. ჯერ სამსახურიდან არავინ გაგვიშვია“,- ამბობს მზია კაკოშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლინიკაში პირველი აპრილიდან სამშობიარო განყოფილებაც გაუქმდა. ეს ფაქტი კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება, თუმცა ადმინისტრაციაში მუშაობის შეწყვეტის მიზეზებზე არ საუბრობენ.