მარტვილში “წაჩხურობის“ ტრადიციული დღესასწაული აღარ აღინიშნება
მარტვილის მუნიციპალიტეტში “წაჩხურობის“ ტრადიციული დღესასწაული წელს აღარ აღინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას“ მარტვილის მერიაში დაუდასტურეს.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რადგან მოქმედი კარანტინის მკაცრი რეჟიმიდან გამომდინარე, სამზე მეტი პირის თავშეყრა კანონით აკრძალულია.
ცნობისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ პირველ ხუთშაბათს, ტრადიციული დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, მთელი საქართველოდან უშვილო წყვილები მოდიან და წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ. ამ დღეს ტაძარში ასევე, ის მადლიერი ადამიანები მოდიან, ვისაც შვილი უკვე შეეძინა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ წყვილებს ტაძარში პატარა აკვნები მიაქვთ, სადაც პატარა თოჯინები სიმბოლურად აქვთ ჩასმული. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების გარეშე ჩაივლის წლევანდელი „წაჩხურობა”, სასულიერო პირები, უშვილოებისთვის სპეციალურ წირვას ტაძარში მაინც აღავლენენ. სალხინოს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ასევე, წაჩხურუს მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.