პატრულ-ინსპექტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტზე, ვარკეთილში დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
2020 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-ს და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყება განმარტავს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, 413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. 4 პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.
მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
ა.ტ-სა და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის შუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.