“ჩვენ მივიღეთ დადგმული პოლიტიკური შოუ, სადაც ჩართულნი იყვნენ ოპოზიციური პარტიის აქტივისტები” – რეხვიაშვილი მარნეულის აქციაზე

„აქცია და საპროტესტო გამოსვლა იყო ძალიან უადგილო და უდროო”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დღეს მარნეულში გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, საკითხზე, რომელსაც აქციაზე ფერმერები აჟღერებდნენ, კომუნიკაცია უკვე შედგა და მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზება შეეძლებათ.

“სოფლების მოსახლეობასთან, სადაც ჩვენ კომუნიკაციაში ვიყავით, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტის გატანა და რეალიზება სურთ, მათთან აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. შევჯერდით პოზიციებზე, რომ დაემატება სადისტრიბუციო მანქანები და მოხდება იმ მარაგის გატანა, რაც არის ოჯახებში დაგროვილი”, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, აქციაზე, უმეტესად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მათი მიზანი არა პრობლემების მოგვარება, არამედ ე.წ. პოლიტიკური შოუს დადგმა იყო.

„სამწუხაროდ, ამ სოფლებიდან ჩვენ მივიღეთ დადგმული პოლიტიკური შოუ, სადაც ჩართული იყვნენ ოპოზიციური პარტიის აქტივისტები და აპროტესტებდნენ სხვადასხვა პრობლემას.. მათ რეალურად, საქმე არ აინტერესებდათ, არც გადაჭრის გზები და არც პრობლემების მოგვარება. ამ ყველაფერს აკეთებენ ამ დროს, როდესაც ქვეყანაში ამხელა რისკია. ამხელა გლობალური გამოწვევაა. დიდი რისკია იმ რეკომენდაციის დაუცველობით და მიტინგებს მართავს ოპოზიციური პარტია, რაც ძალიან ვიწრო და ამორალურია”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

​ცნობისთვის, მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ და „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ. ამ დროისთვის, აქცია დასრულებულია და მოსახლეობა ტერიტორიას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები