“ევროპულმა საქართველომ“ და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში აქციის ორგანიზება უარყვეს
“ევროპული საქართველო“ და “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულში აქციის ორგანიზებას უარყოფს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ახმედ იმამკულიევი აცხადებს, აქციის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და მას შემდეგ წავიდა ადგილზე.
“მოვედი, მოვუწოდე, რომ არ შეიძლება ერთად ამდენი ხალხის შეკრება. დღეს დილიდან სახლში ვიყავი, „ფეისბუქის“ მეშვეობით ვნახე, რომ ჩვენი ხალხი გამოვიდა გარეთ. სანამ აქ მოვედი, დავინახე, რომ აქ უკვე არის შეკრებილი ეს ხალხი და ჩვენი „წარმომადგენლები“ გამოვიდნენ. ამ ხალხს უწოდებენ, რომ ესენი არიან არტისტები და ვითომ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.
რაც შეეხება საკითხს, რატომ ისმოდა აქციაზე შეძახილები – „მიშა, მიშა“, იმამკულიევმა განაცხადა, რომ ეს ხალხს უნდა ჰკითხოთ, რატომ იძახიან და მან არაფერი იცის.
ასევე, არ აქვს ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ აზერ სულეიმანოვს, თუ ვისი ორგანიზებით გაიმართა აქცია. მისი თქმით, ხალხი თვითონ მივიდა, რადგან ისინი მშივრები არიან და ლუკმაპურის გარეშე დარჩნენ.
“ხალხი ნახეთ, რა დღეშია. აუცილებლად უნდა გაიხსნას ეს გზა. ქვეყანაში ვიცი, რა პრობლემები არის, როგორი სიტუაცია არის, მაგრამ მიწაზე დარჩა ყველაფერი. ეს ხალხი 24 საათს მიწაზე მუშაობს, ბანკზე არის ყველა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ არის ამ ხალხზე. ეს ხალხი რა შუაშია, მანქანები რა შუაშია“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
ცნობისთვის, მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ და „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ. ამ დროისთვის, აქცია დასრულებულია და მოსახლეობა ტერიტორიას ტოვებს.
წყარო: 1tv.ge