ელენე ხოშტარია: არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხელისუფლებისა და მთავრობის დროული, ეფექტური ზომები, მაგრამ არ უნდა ჩავცვივდეთ თვითკმაყოფილებაში

“არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხელისუფლებისა და მთავრობის დროული და ეფექტური ზომები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკოსებისა და დეპუტატების ვალია, არ ჩაცვივდნენ თვითკმაყოფილებაში.

„გამოსვლას მადლობით დავიწყებ ექიმების, ექთნების, პოლიციელების, მებაჟეების, ბანკისა და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების მიმართ. ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხელისუფლებისა და მთავრობის დროული და ეფექტური ზომები, განსაკუთრებით, კრიზისის განვითარებისა და პრევენციის პირველ ეტაპზე.
როგორ შეიძლება, ამ სიტუაციაში არ თქვა იმაზე კარგი, რაც კარგია, მაგრამ ამასთანავე, მინდა, გვესმოდეს, რომ კრიზისი გრძელდება. შუა კრიზისში ვართ. ამ კრიზისის ეფექტები, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით მუდმივად ვრცელდება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსებისა და დეპუტატების ვალია, არ ჩავარდეთ თვითკმაყოფილებაში, მეორე მხრივ, არ ვიყოთ ჩასაფრებულები ერთმანეთის მიმართ და ყველაზე მნიშვნელოვანი – ის კითხვები დავსვათ, რომელიც ჩვენც, თქვენც, ყველას დაგვახმერება, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რადგან კრიზისი არც არავის ბრალია პირდაპირ აღებული და არც ობიექტურად აღებული ნებისმიერი მთავრობისთვის რთული იქნებოდა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზისი რთულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება კარგად ავწონოთ. ამ აწონვას სჭირდება სწორი კითხვების დასმა, ეს არის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, კითხვები ორი მიმართულებით აქვს.
„არ შეიძლება, არ ვიმსჯელოთ განვლილი ერთი თვის განმავლობაში რა იყო სწორი და რა არასწორი. ადამიანებმა იმას კი არ უნდა უსმინონ, ახლა ვინ როგორ ვუკბენთ ერთმანეთს, არამედ გაიგონ, რა ელოდებათ. არის საკითხები, მანქანების შეზღუდვა, კომენდანტის საათი, ონლაინვაჭრობის აკრძალვა, „სუფთა სახლის“ აკრძალვა. უბრალოდ, კითხვები ჩნდება, რამდენად მიზანშეწონილი იყო. ამაზე დისკუსია რომ ყოფილიყო, რით იყო გამოწვეული ის ტკივილი, რაც ამას მოჰყვება, შეიძლება, შევთანხმებულიყავით, რომ სხვა გზა არ იყო. საზოგადოება ვაკუუმში ცხოვრობს და ამას დღესაც ვაგრძელებთ, რადგან პასუხები არ არის.
ეკლესიაში შერჩევითობის მაგალითი ვნახეთ. არ შეიძლება, იმის გამო ,რომ დღეს არ არის პოპულარული, ეკლესია გააკრიტიკო, არ ვთქვათ, რომ ცუდად მოიქცენენ სასულიერო პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კოვზი ცხელდება 1000 გრადუსზე. ცუდად მოიქცნენ და სამწუხაროდ, სახელმწიფომ ის ვერ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ვხედავდი, რომ სურვილი იყო, არ წახვიდეთო, მაგრამ სახელმწიფომ ის ვერ გააკეთა, რისთვისაც ვირჩევთ. მტკივნეულია არაპოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ არ უნდა დაეშვათ ასეთი საფრთხის შექმნა მოქალაქეებისთვის. როცა ეკონომიკურ გეგმაზე ვსაუბრობთ, პოპულისტურად არ ვსაუბრობთ. არ შეიძლება, კონკრეტული გეგმა ერთ თვეზე მეტი არ ვიცოდეთ, თუმდაც არასაკმარისი, მაგრამ უნდა იცოდეს ხალხმა, რითი ეხმარებით“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები