ვალერიან გორგილაძე: სახელმწოფომ ფილიგრანულად გაიარა სცილასა და ქარიბდას შორის და არ დაუშვა ფარისევლებისთვის ასე ნანატრი კონფრონტაცია ეკლესიასთან
„ლიბერალ-ფარისევლებს სჭირდებოდა ექსცესი, მინიმუმ, ხელბორკილდადებული მრევლი ტაძრებში ან უკეთესი, „ურალის” სატვირთო მანქანით განხორციელებული ეკლესიის კედლის ნგრევა”, – ამის შესახებ სოციოლოგმა, ვალერიან გორგილაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ლიბერალური აუდიტორიის საინფორმაციო შეტევები მრევლზე ატარებდა უხამს, შეურაცხმყოფელ ხასიათს. მათი ინტერპრეტაციით, სახელმწიფო ეკლესიისა და მრევლის მიმართ ბევრად ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა, ვიდრე – ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ.
ვალერიან გორგილაძე ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ ფარისევლები ყოველწლიურად ისტერიული დაჟინებით იცავენ „ლგბტ” თემის თვითგამოხატვის უფლებებს, მაგრამ რატომღაც არაფრად აგდებენ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას.
„წინა კვირა მდიდარი იყო სხვადასხვა მოვლენით. ქვეყნის უმრავლესობა გამძაფრებული ელოდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მრევლის მასობრივ შეკრებას. ეკლესიებში მოსალოდნელ ხალხმრავლობას განიცდიდა ერიც და ბერიც. ამ დროს, ე.წ ლიბერალური აუდიტორიის საინფორმაციო შეტევები მრევლზე ატარებდა უხამს, შეურაცხმყოფელ ხასიათს. მათი ინტერპრეტაციით სახელმწიფო ეკლესიისა და მრევლის მიმართ ბევრად ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ლიბერალურ-ფარისევლურ თხრობაში მკვეთრად ვლინდებოდა რეტროგრადული ამნეზია. ეს ორმაგი სტანდარტისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. ფარისევლებს ავიწყდებოდა, რომ ყოველწლიურად ისინი ისტერიული დაჟინებით იცავდნენ „ლგბტ” თემის თვითგამოხატვის უფლებებს, მაგრამ რატომღაც არაფრად აგდებენ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას. მრევლის უმრავლესობა სახლში ხვდებოდა უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ტაძრებში მისულები კი ფიზიკურ დისტანციას იცავდნენ. სახელმწიფომ ფილიგრანულად გაიარა სცილასა და ქარიბდას შორის და არ დაუშვა ფარისევლებისთვის ასე ნანატრი კონფრონტაცია ეკლესიასთან. ყველას ესმოდა, რომ ლიბერალ-ფარისევლებს სჭირდებოდათ ექსცესი, მინიმუმ ხელბორკილდადებული მრევლი ტაძრებში ან უკეთესი, „ურალის” სატვირთო მანქანით განხორციელებული ეკლესიის კედლის ნგრევა”, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.