დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც „ფრონტერას” გამარჯვება გაუხარდებოდა
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ლიდერი, დავით ჩიხელიძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა” და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ „ფრონტერას” წინააღმდეგ მოგებულ დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ, კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ფრონტერას წინააღმდეგ დავა მოიგო, გადაწყვეტილება საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიღო. საქმე ერთი შეხედვით ძალიან მარტივ დავასთან გვქონდა, სახელმწიფო მოქმედებდა გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვითა და „ფრონტერას” მხრიდან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას მოითხოვდა, “ფრონტერა” კი საქართველოს სახელმწიფოსგან 3.5 მილიარდს მოითხოვდა. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უსაფუძვლო იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც „ფრონტერას” გამარჯვება გაუხარდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა”, – წერს ჩიხელიძე.
მისივე განმარტებით, უპასუხისმგებლო საქმიანობა და საქმისადმი არასერიოზული მიდგომა არცერთ კომპანიას შერჩება.
„დავის განხილვის დეტალებში არ შევალ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ „ფრონტერამ” კონტრაქტი დაარღვია და მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა. ეს ეხება როგორც თანამშრომელთა წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანებას, ასევე – ინვესტიციების მოცულობასა და ა.შ. აღნიშნულმა გადაწყვეტილება, დაგვანახა, რომ საქართველოში ბიზნესი დაცულია და სახელმწიფო სრულად ასრულებს კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო უპასუხისმგებლო საქმიანობა და საქმისადმი არასერიოზული მიდგომა არცერთ კომპანიას არ შერჩება, მიუხედავათ მისი სიდიდისა და წარმომავლობისა. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის შემთხვევაში საქართველოში ოპერირება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მათი უფლებები დაცული და ხელშეუხებელია!”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.