საჩხერეში შვილმა მამა ნაჯახით მოკლა – ბრალდებული საკუთარ სახლში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.