ბათუმში, ხანძრის შედეგად, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი დაიწვა

ბათუმში, ხანძრის შედეგად, ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა. 3 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ორი ოჯახი ბათუმის მერიის სამსახურმა წუხელ სასტუმროში გადაიყვანა, ხოლო ერთმა ოჯახმა დროებით ნათესავთან ცხოვრება გადაწყვიტა.
,,ჯორჯიაშვილის ქუჩაზე დაიწვა ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც, ამჟამად, 3 ოჯახი ცხოვრობდა. სახლში, ასევე, რეგისტრიტებულია კიდევ ერთი ოჯახი, რომელმაც დიდი ხნის წინ მიატოვა საცხოვრებელი და საზღვარგარეთ გაემგზავრა. მათი საყოფაცხოვრებო ნივთებიც არ არის ადგილზე. რაც შეეხება ამ სამ ოჯახს – დროებით სხვაგან გადავიყვანეთ. ამ დროისთვის ექსპერტიზა მუშაობს ადგილზე და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ზარალის დათვლა დაიწყება. შესაბამისი კომისია მიიღებს ზომებს, თუ რით შეიძლება, ოჯახებს დავეხმაროთ“, – განაცხადა ბათუმის მერიის მუნიციპლური სერვისების სააგენტოს დირექტორმა, ჯუმბერ კობალაძემ.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები