ყაზბეგში სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება

ყაზბეგში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად,  ყაზბეგის მერიისა და ბიზნესსექტორის აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით,  ძირითადი მოხმარების არამალფუჭებადი საკვები პროდუქტი სხვადასხვა საჭიროების მქონე 900-ზე მეტ ადგილობრივ  ოჯახს გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბენეფიციართა შორის არიან  70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერები,  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები,  მრავალშვილიანი და სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ოჯახები.

სურსათის გაცემის  პროცესში მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, მერის მოადგილეებთან – თამაზ ალიბეგაშვილსა  და დავით ქირიკაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძესა და მოხალისეებთან ერთად აქტიურად ჩაერთო. სასურსათო კალათების მიღების,  დახარისხებისა და გაცემის  პროცესში მონაწილეობენ მერიის ბაზაზე არსებული covid-19-ის წინააღმდეგ შექმნილი  სპეციალური ჯგუფი,  მოხალისეები,  მერიისა და საკრებულოს  თანამშრომლები, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპების წარმომადგენლები.

“ყაზბეგის მერიის სახელით, მადლობას ვუხდით, აღნიშნულ ღონისძიებაში  ჩართულ ყველა პირს თანადგომისათვის. გარდა  აღნიშნული ღონისძიებისა,  ყაზბეგის მერიისგან სასურსათო კალათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული  საბავშვო ბაღების 212  აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა.

ჯანმრთელობას გისურვებთ და მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაითვალისწინოთ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და რეკომენდაციები. ყაზბეგის მერია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  24-საათიან რეჟიმში მუშაობს და  აგრძელებს  სხვადასხვა სახის აქტივობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები