ირმა ინაშვილი: ამ კამპანიას კარგად დაგეგმილი ფორმა აქვს, რომ აღდგომის მერე ყველაფერი ეკლესიასა და მრევლს დააბრალონ
“კორნავირუსთან და სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ვრცელდება საქართველოს პატრიარქის გაყალბებული ვიდეომიმართვა, რასაც, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ზოგიერთი გონიერი, მაგრამ მოტყუებული ადამიანიც უწევს რეკლამირებას”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე აღნიშნა, კორონავირუსის ირგვლივ დაწყებულ კამპანიას კარგად დაგეგმილი ფორმა აქვს, რომ აღდგომის მერე ყველაფერი ეკლესიასა და მრევლს დააბრალონ.
“ვფიქრობდი, აღდგომის მერე გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი სათქმელი, მაგრამ, ვატყობ, დრო არ ითმენს.
ვეღარ ვიფიქრებ იმაზე, ვის მოეწონება, რასაც ვიტყვი და ვის- არა. გამგები გაიგებს და ვისაც გაგება არ უნდა, მასთან არც ჩხუბს ვაპირებ და არც დისკუსიის გაგრძელებას.
კორონავირუსის ეპიდემიამ მთელი მსოფლიო შეძრა და შეცვალა. ჩვენ აღარ და ვეღარ ვართ ისეთები, როგორებიც ვიყავით ამ ვირუსის გამოჩენამდე. შეიცვლება ადამიანთა ცხოვრების წესი, შეიცვლება აზროვნება, შეიცვლება ეკონომიკა, შეიცვლება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, შეიცვლება წარმოდგენა სიცოცხლესა და სიკვდილზე. ჯერ არავინ იცის, ეს ცვლილებები მსოფლიოს უკეთესს გახდის, თუ უარესს. ადამიანს გააკეთილშობილებს, თუ გააბოროტებს. ჩვენ ჯერ ამ ვირუსის ბუნებასაც კი არ ვიცნობთ, ვეცნობით! ვეჩვევით, ვეგუებით, ვსწავლობთ, ვეწინააღმდეგებით. მოკლედ, ვირუსს ვათვინიერებთ. ზოგადად ექიმების და ქართველი ექიმების მიმართ მხოლოდ მადლიერებას და პატივისცემას თუ გამოვხატავთ. მიწიერ განზომილებაში მათ ხელშია ვირუსის მართვის სერიოზული ნაწილი, მაგრამ გაცილებით დიდი, ვიღაცისთვის შეიძლება აუხსნელი, უხილავი, დაუჯერებელი ნაწილი არავის ხელში არაა, გარდა ღმერთისა.
21-ე საუკუნე ხორცზე და ხორციელზე ორიენტირებული საუკუნეა. ტექნოლოგიური პროგრესი, ციფრული ეპოქა ადამიანს აწებებს მატერიალურს, მიწიერს და წყვეტს ღმერთს, ამიტომაც ის, რაც აქამდე საკამათოც არ იყო, დღეს ცხელი, მგზნებარე დისკუსიების საგანი ხდება. ადამიანის ბუნება რომ ფაქიზი და სუსტია, ამაზე იმდენი რელიგიური ნაშრომია დაწერილი, ჩემი ახსნა-განმარტებები აშკარად უადგილოა. ადამიანის ბუნების მრავალწახნაგოვნება განსაკუთრებული სიგრძე-სიგანით ჩანს კრიზისულ ვითარებებში. აი, მაგალითად დღეს, როცა კორონავირუსს ვებრძვით. ვის არ ეშინია? ძნელია, ვიპოვოთ ასეთი ადამიანი. ვინ არ უფრთხილდება საკუთარ სიცოცხლეს და საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს? ვერც ასეთ ადამიანს ვიპოვით. ვინ არ ფიქრობს, რომ უნდა დავიცვათ მედიკოსების რეკომენდაციები, ვინ არ უწევს ანგარიშს ხელისუფლებებს? ყველა ქვეყანაში თითქმის იდენტური ვითარებაა. მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც იდენტური და მიუხედავად ამ ვითარებისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავრჩეთ ადამიანებად, არ დავემსგავსოთ ცხოველებს, არ დავემონოთ შიშს, არ დავკარგოთ კრიტიკული აზროვნების უნარი და არ დავკარგოთ რწმენა. ვიღაცისთვის ეს რწმენა ზოგადია, ვიღაცისთვის- კონკრეტული და ღმერთისადმი რწმენას ნიშნავს.
ახლა გადავავლოთ თვალი დისკუსიას, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მე მგონი, არც ერთ ქვეყანაში კამპანიას “დარჩი სახლში” არ მოჰყოლია ისეთი რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რაც ჩვენთან მოჰყვა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. მთავარი დისკუსია მართლმადიდებლური ეკლესიის ირგვლივ ვითარდება. დააკვირდით, ეკლესიამ ბევრჯერ თქვა, რომ მრევლს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ვისაც უნდა, დარჩება სახლში და მომავალში ეზიარება. ვინც ავადაა, მასთან სამღვდელოება სახლში მივა და აზიარებს. წირვისას თითქმის ყველა ეკლესიაში დაცულია დისტანცირებაც, გადაწყვეტილია გახმოვანების საკითხიც, ეკლესიებს მომარაგებული აქვთ სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები. ხუთშაბათს წირვას დავესწარი და სტიქაროსნები მუდმივად აფრთხილებდნენ მრევლს, – არ დაერღვიათ დისტანცია, არ მოეხსნათ ნიღბები და ზიარების შემდგომ, დროულად დაეტოვებინათ ტაძრის ეზო. დააკვირდით: წირვა ტაძრის ეზოებში ტარდება. დააკვირდით იმასაც, რომ აღდგომამდე არა ერთი ეპისკოპოსი მრევლის ინტერსებიდან გამომდინარე, წირვას აღდგომის დღეს ჩაატარებს და არა ღამით, რათა არც კანონი დაირღვეს და არც მრევლს გაუჭირდეს 12 საათის მანძილზე ტაძრის ეზოში დგომა. დააკვირდით, არც ერთ სამღვდელო პირს არ უთქვამს, რომ ვინც ახლა არ და ვერ ეზიარება, ის მაზიარებელზე უარესია. საერთოდ, გასაკვირია, ვინ ჰბადებს ასეთ ბრიყვულ აზრებს. არც ერთი მაზიარებელი არ იტყვის, რომ სახლშიდარჩენილ მოყვასს ჯობია. პირიქით, ყველა გიპასუხებთ, რომ უარესია და ამიტომაც საჭიროებს ზიარებას.
ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ პროცესს. გაჩნდა ორი ნაპირი. ერთ ნაპირზე დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არავისზე ნაკლებად არ უყვართ ღმერთი, მაგრამ მიაჩნიათ: ახლა ზიარება ღმერთის გამოცდაა. ისე, თუ ვინმეს საკითხი უფრო ღრმად აინტერესებს, ზიარებას არავითარი კავშირი არა აქვს ღმერთის გამოცდასთან. საზოგადოების ეს ნაწილი გულწრფელად შიშობს, რომ ზიარება შესაძლოა გახდეს ეპიდემიის მაპროვოცირებელი, ამიტომაც გაჩნდა სხვადასხვა ფორმის მოწოდებანი. მაგალითად, დარჩი სახლში, თუ გიყვარს ღმერთი და მოყვასი! არ წახვიდე წირვაზე, ილოცე სახლში და ილოცე შენს გულში! და ა.შ.
ლოცვა სახლშიც შეიძლება, ქუჩაშიც, თვითმფრინავშიც, ლიფტშიც, გონებაშიც და გულშიც. სახლში მლოცველის სინანული შეიძლება ისეთი დიდი და გულწრფელი იყოს, რომ მეტად შეიწიროს ღმერთმა, ვიდრე მაზიარებლის. ეს ძალზედ რთული, ღრმა საკითხია და ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ცდება. მე მესმის ამ ადამიანების, ზოგიერთის გულწრფელობა პატივისცემასაც იმსახურებს. მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ ლოცვა ყველგან კარგია და ყველგან შესაძლებელია, მაგრამ ტაძარში ლოცვის მსურველებსაც აქვთ უფლება არა სახლში, არამედ ტაძარში, დიახ, ტაძარში ილოცონ. დაესწრონ წირვას და ეზიარონ!
ვნახოთ მეორე ნაპირზე რა ხდება. დგას ადამიანი, რომელიც უკვე შეგვითანხმდა, რომ არაა არავისზე უკეთესი, მაგრამ მას უნდა ტაძარში ილოცოს, უნდა დაესწროს წირვას, მზადაა 12 საათის მანძილზე იდგეს ფეხზე, მას უნდა ეზიაროს, მას არ ეშინია ზიარების წესის, პირიქით, იცის, რომ ეს ჯავშანია, ეს ჩვენი ერისთვის საჭიროა, აუცილებელია, განსაკუთრებით, როცა ეპიდემიაა, როცა განსაცდელია, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ომია. მან იცის, რომ ზიარების შედეგად, არასდროს, არავინ არ დაავადებულა. მას სჯერა, რომ ახლაც არავინ დაავადდება. ეს არაა პური და ღვინო, ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია. მას უნდა ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს და არავის დედამიწის ზურგზე არა აქვს უფლება, რომ წაართვას ან აუკრძალოს წირვაზე დასწრება, როცა ტაძრის კარი ღიაა. ის ემზადება. იშრომა, იმარხულა, ილოცა. იცის, უნდა დაიცვას კანონი და ფეხით მოუწევს ტაძრამდე მისვლა. ისიც იცის, რომ წირვამდე და წირვის მერე საათობით მოუწევს ფეხზე დგომა. ნუთუ, არ გილღვებათ გული, რომ გაითავისოთ ამ ადამიანების მდგომარეობა?! ნუთუ ასე ჩავებღაუჭეთ მიწიერ შიშს, რომ ზოგიერთი მზადაა მრევლი დააპატიმრონ, პოლიციას გამოუძახონ, იმედია, ბოლოს ცემა-ტყეპაზე არ გადავალთ.
ახლა მე რას ვხედავ? მე ვხედავ, რომ სამყარო გაგიჟდა. ვხედავ, ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ, ვხედავ მცდელობას, რომ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბი მაინც და მაინც ეკლესიას დაუკავშირონ და დააბრალონ, რაც ტყუილია… მე ვხედავ, რომ იქ, იმ სხვა ნაპირზე, სადაც მე არა ვარ, გულწრფელი ადამიანების გარდა, გააქტიურდნენ ცივსისხლიანი პროვოკატორები, მანიპულატორები, ხელოვნურად დაპანიკებული არტისტები, ეკლესიის მტრები, უღმერთოები და ვისმენ, რომ ჩვენი მღვდლები, თურმე, მკვლელები და ტერორისტები არიან, რომ პატრიარქი წირავს ადამიანებს, რომ ყველა სამღვდელო პირი უნდა დააპატიმრონ ტერორიზმის მუხლით და მახსენდება გასული საუკუნის 80-იანი წლები, როცა საკურსო ნაშრომი მქონდა დასაწერი უღმერთოთა კავშირის პროპაგანდისტულ ენაზე… ვკითხულობ მამა გაბრიელის გაყალბებულ ქადაგებას, ვისმენ პატრიარქის გაყალბებულ ხმას, რომელიც თითქოსდა მოგვიწოდებს ტაძარში არ წავიდეთ. ვხედავ, რომ მთელ ამ კამპანიას კარგად დაგეგმილი ფორმა აქვს და სქემა გამზადებულია, რომ აღდგომის მერე ყველაფერი ეკლესიასა და მრევლს დააბრალონ. ასევე, ბრმა არა ვარ და იმასაც ვხედავ, რომ არც ერთი მაღაზია, აფთიაქი, თუ სამშენებლო ობიექტი (თუნდაც, ჩემი სახლის წინ) არაა უფრო უსაფრთხო და არ მოქმედებს უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ეკლესია.
და ვფიქრობ: დავწერო თუ არა ის, რაც თავში მტრიალებს და გულს მიკლავს.
რას დავემსგავსეთ, აი, ეს მიკლავს გულს და ამ მწარე კითხვის დასმას გავურბოდი: რას დავემსგავსეთ?!
და ახლა, როცა ეს კითხვა დავსვი, შემიძლია დასასრულისკენაც წავიდე.
ყოველთვის, როცა მიხაროდა, თუ მიჭირდა, ღმერთთან ახლოს ყოფნა მწყუროდა, ვიყავი, ვარ და ასე დავრჩები ბოლომდე. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ შენ, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობ, იგივეს ფიქრობ და იგივეს განიცდი. ჩემზე ჭკვიანი, ფრთხილი, გონიერი, მორწმუნე და მზრუნველი ხარ, მაგრამ მეც და შენც შევთანხმდეთ იმაზე, რომ პატრიარქზე მეტად არ ვზრუნავთ ამ ერზე, არც ქართულ ეკლესიაზე მეტად არ ვშრომობთ ჩვენი ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ამიტომაც ნუ შევჭამთ ერთმანეთს. ზოგმა სახლში ვილოცოთ და ზოგმა- ტაძარში, ზოგი ახლა ვეზიაროთ და ზოგიც- მომავალში. ნუ დავაბრკოლებთ ერთმანეთს და ნუ გავახლეჩინებთ თავს ნ უ რ ა ვ ი ს!
გავერთიანდეთ ქრისტეში”,-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.